Phone
consultation hotline
საკანონმდებლო აქტები

ნებისმიერი ინსტიტუციური რეფორმა  საკანონმდებლო  ცვლილებებსა და მხარდაჭერას საჭიროებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმატებაც სწორედ ცვლილებებისადმი ლიბერალური საკანონმდებლო რეფორმის მისადაგებით მოხერხდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფუნქციების ზრდასთან ერთად, საკანონმდებლო რეფორმამ მოიცვა და ახლებურად დაარეგულირა უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციის, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაციის საკითხები,  ასევე ყველა ის სფერო, რომელიც სხვადასხვა პერიოდში სააგენტოს ფუნქცია გახდა.

საკანონმდებლო რეფორმამ უზრუნველყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების საჯაროობა და გამჭვირვალობა. შეზღუდვები სხვის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე გაუქმდა, საჯარო რეესტრიდან მიღებული ამონაწერი უვადო გახდა, უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები ერთ ამონაწერში გაერთიანდა. 

საკანონმდებლო რეფორმამ  ახალი საკადასტრო სტანდარტი დაადგინა. სავალდებულო გახდა მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციისთვის საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, რომელიც თანამედროვე კოორდინატთა სისტემაში - WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში უნდა ყოფილიყო შესრულებული. შედეგად მივიღეთ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზა. 

დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, 2008 წელს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონი იქნა მიღებული, რომელმაც მკაფიოდ და დეტალურად მოაწესრიგა მარეგისტრირებელი ორგანოს წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები. მოგვიანებით კი, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“ დამტკიცდა, რომელიც საკანონმდებლო რეფორმის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

საბოლოო ჯამში, საკანონმდებლო რეფორმამ  უძრავ ნივთებზე უფლებათა  რეგისტრაციის პროცესი მოაწესრიგა, მოქალაქესა და ადმინისტრაციულ ორგანოს გამარტივებული ურთიერთობის პრინციპი დაამკვიდრა, მომსახურების საფასური მომხმარებელთათვის - ხელმისაწვდომი, ხოლო სარეგისტრაციო ვადები  ხელსაყრელი გახადა.

განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმის შედეგად მიღწეულ იქნა მიზანი - სააგენტო პირველი ადმინისტრაციული ორგანოა, რომელმაც საქართველოში ელექტრონული მმართველობის პრინციპები დანერგა. რევოლუციურ ცვლილებას წარმოადგენდა ელექტრონულ ამონაწერზე ბეჭდისა და ხელმოწერის გაუქმება, დოკუმენტაციის ასლებისა და სააგენტოს გადაწყვეტილებების  ვებგვერდის მეშვეობით ხელმისაწვდომობა და ამ სიახლის კანონმდებლობით ლეგიტიმაცია.