ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
ძველი საკადასტრო მონაცემების ელექტრონიზაციის პროექტი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არქივში დაცული საკადასტრო მონაცემების ელექტრონულ ფორმატში გადატანის პროექტს ახორციელებს. პროექტი ელქტრონულ საკადასტრო რუკაზე ძველი, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და მისი საზღვრების ასახვას გულისხმობს. საკადასტრო გეომონაცემთა ბაზაში უკვე 5000-ზე მეტი მიწის ნაკვეთია განთავსებული.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკადასტრო მონაცემების ერთიან სისტემაში განთავსება 2007 წელს დაიწყო. 2011 წელს კადასტრის ცენტრალიზების პროექტი დასრულდა და ამ დროიდან ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში განთავსება აუცილებელი პირობა გახდა. 
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში დღეს ერთიანი საკადასტრო ბაზაა შექმნილი, ძველ მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც არსებობს, ვინაიდან კადასტრის ცენტრალიზებამდე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრები ერთიან გეომონაცემთა ბაზაში მიახლოებითაც არ არის ასახული. ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე მიწის ნაკვეთების არარსებობა კი პოტენციური გადაფარვებისა და შემდგომი დავების წარმოშობის საფუძველს ქმნის. ძველი საკადასტრო მონაცემების ელექტრონიზაციის პროექტს სააგენტო სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებისა და ელექტრონული საკადასტრო რუკის სრულყოფის მიზნით ახორციელებს.
საკადასტრო მონაცემების ელექტრონიზაცია ხელს შეუწყობს მიწის ნაკვეთების გადაფარვების გამოვლენას, სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებას, ძველი, რეგისტრირებული ნაკვეთების ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე იდენტიფიცირებას და მისი საზღვრების შესაბამისი სიზუსტით ასახვას.

ამდენად, პროექტის განხორციელებით იმ მოქალაქეთა საკუთრების უფლება, რომლებმაც უძრავი ქონება კადასტრის ცენტრალიზებამდე დაარეგისტრირეს, გადაფარვებისგან თუ სხვა შემდგომი პრობლემებისგან დაცული იქნება.