Phone
consultation hotline
არქივირების მასშტაბური პროექტი - ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი

ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული მონაცემების ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის (არქივირების) პროექტს ახორციელებს. 

ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი  კონკრეტულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რეგისტრირებული მონაცემების სრული ისტორიის შექმნას გულისხმობს, რომელიც მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში იქნება განთავსებული. სააღრიცხვო ბარათი  შემდეგ ინფორმაციას მოიცავს: სამართლებრივად ვის სახელზეა რეგისტრირებული უძრავი ქონება, სხვადასხვა დროს ვინ იყო მისი მფლობელი, რა ვალდებულებებით იყო და არის დატვირთული (ყადაღა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) და ა.შ.

არქივირების მასშტაბური პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესრულებას, როგორიცაა ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავება, რეგისტრაციის  სწრაფად და ხარისხიანად წარმოება, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის დაცვა და მისი მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, სარეგისტრაციო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა და  გასწორება, მონაცემთა ბაზების სრულყოფა და ზუსტი სტატისტიკური მონაცემების შექმნა, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის დისტანციური არხების განვითარება (სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზება), მსოფლიო ბანკის  „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების მაღალი ხარისხით შესრულება და სხვა.

არქივირების პროექტის ფარგლებში შექმნილ ელექტრონულ სააღრიცხვო ბარათებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდა, თავიანთ საქმიანობებში სხვა სახელმწიფო უწყებებით, მაგალითად როგორიცაა ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ნოტარიუსთა პალატა, აღსრულების ეროვნული ბიურო, სერვისების განვითარების სააგენტო, პროკურატურა და ა.შ. გამოიყენებენ.

ამჟამად მთელი საქართველოს მასშტაბით 47 რაიონია დაარქივებული, 10  ნაწილობრივ და პროცესი 4 რაიონში მიმდინარეობს.

დასამუშავებელი მასალის მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით პროექტი 2017 წელს დასრულდება.