ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
წილზე გირავნობის უფლების  რეგისტრაცია, რეგისტრირებული უფლების შეცვლა და შეწყვეტა / Registration of Right to Lien on Shares, Modification and Termination of Registered Right

For English version please click here

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

სხვა კრედიტორებთან შედარებით მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება .

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე გირავნობის უფლება რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

გირავნობის უფლების  წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იყოს სამოქალაქო კოდექსით რეგისტრაციას დაქვემდებარებული გირავნობისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. ხელშეკრულება შეიძლება დამოწმდეს როგორც ნოტარიუსთან, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლსა ან/და საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებთან.

გირავნობის უფლების რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს კრედიტორის სათანადო წესით შედგენილი ცალმხრივი გადაწყვეტილება. 

რეგისტრაციის წესი

რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

1.განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ); 

2.დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური  სამგზავრო დოკუმენტი). 

3.მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

4.სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული გირავნობის უფლების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის  დამადასტურებელი დოკუმენტი. 

რეგისტრაცია წარმოებს განცხადების შეტანის დღესვე, მომსახურების საფასური 30 ლარია.

საფასური გადაიხდება ერთეულ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ერთეული ნივთისა და ერთეული უფლების (საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის) მიხედვით.

ვადის ათვლა  იწყება განცხადების რეგისტრაციისთანავე  და სრულდება ამ დღის გასვლასთან ერთად.

დამატებითი ინფორმაცია 

თუ დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობის მიღება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. 

დაინტერესებული პირის მიერ ინგლისურენოვანი ამონაწერის მოთხოვნის შემთხვევაში 20 ლარი ემატება მომსახურების იმ საფასურს, რო­მელთან ერთადაც მოთხოვნილია ინგლისურენოვანი ამონაწერის მომ­ზადება. 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერცული) იურიდიული პირების რეესტრიდან  ამონაწერის მიღება შესაძლებელია ვებ–გვერდზე www.napr.gov.ge,  საჯარო რეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებთან.