ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
სუბიექტის რეორგანიზაცია / Reorganization of the entity

,

რეორგანიზაციის სახეებია:

ა) გარდაქმნა (სამართლებრივი ფორმის ცვლილება);

ბ) შერწყმა (გაერთიანება, მიერთება);

გ) გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა).

რეორგანიზაციის წესი და პირობები

რეორგანიზაციის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებს.

ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმოს სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოდ გარდაქმნის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებით პარტნიორთა უფლებამოსილებები უნდა გადანაწილდეს ხელახლა, ამ სამართლებრივი ფორმისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

 თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნის და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%. ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად.

საწარმოები შეიძლება შეერწყან ერთმანეთს. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კოოპერატივში შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%. ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს, ერთი საწარმო უერთდება მეორეს (მიერთება) თუ ორი საწარმო ერთიანდება ერთ ახალ საწარმოდ (გაერთიანება). შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს პარტნიორთა უფლება-მოვალეობანი, თუ ისინი არ ხელმძღვანელობენ კაპიტალში მათი წილის პროპორციულობის პრინციპით. საწარმო, რომელმაც საწარმო მიიერთა, ან გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი საწარმო არის თავდაპირველი საწარმოს/საწარმოების სამართალმემკვიდრე.

საწარმო შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა გააგრძელონ, როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა, საკუთარი სამართლებრივი ფორმით. გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს გაყოფის შედეგად წარმოქმნილ საწარმოში ადრინდელი პარტნიორების წილობრივი მონაწილეობის შეცვლას. გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის, ხოლო თავდაპირველი საწარმოს უფლებამონაცვლე საწარმო განისაზღვრება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებით.

სარეგისტრაციოდ წარმოსადგენი დოკუმენტები:

1. განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);;

2. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

(პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი)

3. უფლებამოსილი ორგანოს (პარტნიორთა, დამფუძნებელთა/წევრთა) გადაწყვეტილება სუბიექტის შერწყმის, გაყოფის ან გარდაქმნის შესახებ;

4. რეორგანიზაციის დასრულების შესახებ ყველა ცნობილი კრედიტორის თანხმობა;

5. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ( 1 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი); 

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასური და ვადა შემდეგნაირია:

განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი.

იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციის შედეგად წარმოიშობა ახალი სუბიექტი, დამატებით წარმოსადგენია კანონმდებლობით ახალი სუბიექტის რეგისტრაციისათვის სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია.

დაყოფის შემთხვევაში მომსახურების საფასური განისაზღვრება დაყოფის  შედეგად წარმოშობილი სუბიექტის რაოდენობის შესაბამისად, ხოლო გამოყოფის შემთხვევაში გამოყოფის შედეგად წარმოშობილი სუბიექტის რეგისტრაციის მომსახურების საფასურს ემატება გასაყოფი სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის  მომსახურების საფასური.

დამატებითი ინფორმაცია

თუ დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობის მიღება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია  რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად.

დაინტერესებული პირის მიერ ინგლისურენოვანი ამონაწერის მოთხოვნის შემთხვევაში 20 ლარი ემატება მომსახურების იმ საფასურს, რო­მელთან ერთადაც მოთხოვნილია ინგლისურენოვანი ამონაწერის მომ­ზადება.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერცული) იურიდიული პირების რეესტრიდან  ამონაწერის მიღება შესაძლებელია ვებ–გვერდზე www.napr.gov.ge,  საჯარო რეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებთან.