ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია / Registration of the Non-entrepreneurial (Non-commercial) Legal Entity

For English version please click here

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნება

არასამეწარმეო (არაკომერციული) პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. მისი მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი შეიძლება იყოს წევრობაზე დაფუძნებული,  წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებული ან დამოუკიდებელი.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი წარმოიშობა მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანო არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის წესი და პირობები:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

  1. განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  2. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

(პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი);

  1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი (წესდება/პარტნიორთა შეთანხმება), რომელიც უნდა შეიცავდეს:
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (შემდგომში ააიპ) სახელწოდებას (შერჩეული სახელწოდება არ უნდა ემთხვეოდეს უკვე რეგისტრირებულ ააიპ-ის სახელწოდებას);
  • საზოგადოების კონკრეტულ საქმიანობის მიზნებს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.
  • ააიპ-ის იურიდიულ მისამართს, რომელზედაც შესაძლებელი იქნება საზოგადოებისთვის კორესპონდენციის გაგზავნის დადასტურება. იურიდიულ მისამართად შესაძლებელია განისაზღვროს ერთერთი დაინტერესებული პირის რეგისტრაციის მისამართი (პირადობაში მითითებული მისამართი);
  • საზოგადოების ელექტრონული ფოსტის მისამართს;
  • ინფორმაციას დამფუძნებლების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საცხოვრებელი ადგილის მისამართი) დამფუძნებელი შესაძლებელია იყოს როგორც ერთ პირი (ფიზიკური ან/და იურიდიული პირი), ასევე რამოდენიმე პირი;
  • ინფორმაციას საზოგადოება დაფუძნებულია წევრობაზე თუ არა;
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურას, კერძოდ:
  • მმართველობითი ორგანო/ორგანოები (მაგალითად: დამფუძნებელთა საერთო კრება ან საზოგადოების წევრობაზე დაფუძნების შემთხვევაში _ წევრთა საერთო კრება, გამგეობა და ა.შ), მათი არჩევის წესი, მათი უფლებამოსილების ფარგლები (კომპეტენციები) და მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი;
  • მმართველობითი ორგანოს შემადგენლობა, კერძოდ, ორგანოს წევრთა სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
  • ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი/პირები, მისი (მათი) არჩევის წესი, მისი (მათი) უფლებამოსილების ფარგლები (კომპეტენციები) და მის (მათ) მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი;
  • ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი/პირების სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საცხოვრებელი ადგილის მისამართი. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამოდენიმე პირის არსებობის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ისინი საზოგადოებას ერთად წარმოადგენენ თუ ცალ-ცალკე.
  • თუ საზოგადოება წევრობაზეა დაფუძნებული წევრის მიღებისა და გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და გადაწყვეტილების მიღების წესი;
  • ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და გადაწყვეტილების მიღების წესი;
  1. ცნობა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) შესახებ – ადგილსამყოფლის მესაკუთრის სათანადო წესით დადასტურებული თანხმობა ან  ადგილსამყოფელით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება;
  2. ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ ნების გამომხატველი დოკუმენტი;
  3. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი

დოკუმეტი  (1 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი).

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასური და ვადა შემდეგნაირია:

განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი.

ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

დაჩქარებული მომსახურების  შემთხვევაში (განცხადების შეტანის დღეს)  ვადის ათვლა  იწყება განცხადების რეგისტრაციისთანავე  და სრულდება ამ დღის გასვლასთან ერთად.

დამატებითი ინფორმაცია

თუ დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობის მიღება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად.

დაინტერესებული პირის მიერ ინგლისურენოვანი ამონაწერის მოთხოვნის შემთხვევაში 20 ლარი ემატება მომსახურების იმ საფასურს, რო­მელთან ერთადაც მოთხოვნილია ინგლისურენოვანი ამონაწერის მომ­ზადება.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერცული) იურიდიული პირების რეესტრიდან  ამონაწერის მიღება შესაძლებელია ვებ–გვერდზე www.napr.gov.ge,  საჯარო რეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებთან.