ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
მეწარმე იურიდიული პირის პირველადი და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია / Primary Registration of Entrepreneurial Legal Entity and Registration of Changes in the Registration Records

For English version please click here

იურიდიული პირის ცნება

იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. მისი მიზანია სამეწარმეო საქმიანობა.

სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოები:

  • სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება
  • კომანდიტური საზოგადოება
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
  • სააქციო საზოგადოება
  • კოოპერატივი

იურიდიული პირი წარმოიშობა მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება ცნება:

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი (პარტნიორი) ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს, როგორც სოლიდარული მოვალეები, – მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი პარტნიორის სახელს „სპს“-ის დამატებით. თუ სპს-ში გაერთიანებული არიან მხოლოდ იურიდიული პირები, მისი სახელწოდება უნდა შეიცავდეს ერთ-ერთი მათგანის საფირმო სახელწოდებას „სპს“-ს  დამატებით

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში  ხელმძღვანელობის უფლება აქვს ყველა პარტნიორს (თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი).

კომანდიტური საზოგადოება ცნება:

კომანდიტური საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, თუ საზოგადოების კრედიტორების წინაშე ერთი ან რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებლობა განსაზღვრული საგარანტიო თანხის გადახდით შემოიფარგლება – შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), ხოლო სხვა პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდული არ არის – სრული პარტნიორები (კომპლემენტარები).

სრული პარტნიორები (კომპლემენტარები) საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, – მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. კომანდიტური საზოგადოების მიმართ ზოგადი ნაწილის წესებთან ერთად გამოიყენება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესაბამისი წესები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

კომანდიტური საზოგადოების პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. საზოგადოების კაპიტალში წილები შეიძლება განაწილდეს მხოლოდ კომანდიტებს შორის, თუ პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

კომანდიტური საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი სრული პარტნიორის სახელს „კს“-ის დამატებით. თუ კს-ში გაერთიანებული არიან მხოლოდ იურიდიული პირები, მისი სახელწოდება უნდა შეიცავდეს ერთ-ერთი მათგანის საფირმო სახელწოდებას „კს“-ს დამატებით.

კომანდიტურ საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს. შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები) არ მონაწილეობენ საზოგადოების ხელმძღვანელობაში; მათ არ შეუძლიათ გამოვიდნენ ჩვეულებრივი საწარმოო საქმიანობის ფარგლებში სრული პარტნიორების (კომპლემენტარების) მიერ განხორციელებული მოქმედების წინააღმდეგ. შეზღუდული პარტნიორები ხმის უფლებით სარგებლობენ მხოლოდ საზოგადოების წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ცნება:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც. საწარმოს პარტნიორთა შეთანხმება პასუხისმგებლობის შემცირებაზე ბათილია მესამე პირებისათვის.

 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება.

პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორთა ხმის უფლება ან/და პარტნიორთა შორის მოგების/ზარალის განაწილება არ არის მათი წილების პროპორციული.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

სააქციო საზოგადოება ცნება:

სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობის აქციებად. აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში. სააქციო საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ის ღირებულება, რომელზე ნაკლები ღირებულებითაც დაუშვებელია ამ კლასის აქციების პირველადი განთავსება (აქციების ნომინალური ღირებულება).

სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის. სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.

აქციათა რეესტრს აწარმოებს  სააქციო საზოგადოება თავად ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. აქციონერს უნდა მიეცეს ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ამონაწერი.

სააქციო საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

კოოპერატივის ცნება:

კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და იგი მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე.

კოოპერატივებს მიეკუთვნება:

ა) ნედლეულის მომპოვებელი კოოპერატივები, რომლებიც ამ ფორმით ნედლეულს მოპოვებენ საკუთარი წევრებისათვის;

ბ) სასოფლო-სამეურნეო ან სარეწაო პროდუქციის ერთობლივი გასაღების კოოპერატივები:

გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი და სხვადასხვა საგნების დამამზადებელი და ერთობლივი ხარჯებით მათი რეალიზაციის კოოპერატივები (სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო კოოპერატივები);

დ) მასობრივი მოხმარების საქონლის საბითუმო წესით შემძენი და საცალო ვაჭრობით მათი სარეალიზაციო კოოპერატივები;

ე) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ან სარეწებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეძენა-წარმოებისა და მათი ერთობლივი გამოყენების კოოპერატივები;

ვ) სასოფლო-საკრედიტო კოოპერატივები;

ზ) სამომხმარებლო (მრავალდარგოვანი) კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონით;

თ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები;

ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება ამ კანონითა და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით.

კოოპერატივი თავისი ვალდებულებების გამო კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ თავისი ქონებით.

საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ  კაპიტალში მათი შენატანის ოდენობაზე. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა. კოოპერატივის წევრის მინიმალური პაის (დადგენილი შენატანი)  ოდენობას განსაზღვრავენ დამფუძნებლები. კოოპერატივის ერთ წევრს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე პაი.

კოოპერატივში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მეწარმე იურიდიული პირირეგისტრაციის წესი და პირობები

მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებს.

რეგისტრაცია ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ გაცხადებული მისამართის მიხედვით.

თუ გაცხადებულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრე დაინტერესებული პირია, იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის დამატებითი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის.

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ მისამართზე (ასევე დევნილის მოწმობაში მითითებულ დროებით საცხოვრებელი ადგილის მისამართზე) ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციისთვის მესაკუთრის თანხმობის ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის.

სხვა შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით სავალდებულოდ უნდა წარედგინოს უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ან უძრავი ნივთით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი სათანადო ფორმით შედგენილი დოკუმენტი.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

1. განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);

2. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

(პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი).

3. პირველადი რეგისტრაციის დროს: საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი (წესდება/პარტნიორთა შეთანხმება); ცვლილებების რეგისტრაციის დროს: მოთხოვნილ ცვლილებასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.

4. უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ან უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტი;

5. ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ ნების გამომხატველი დოკუმენტი;

6. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმეტი (1 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი).

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასური და ვადა შემდეგნაირია:

განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი.

მომსახურების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებულია მეწარმე სუბიექტის იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაცია, თუ ის რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე  .ასევე, მეწარმისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდი­ული პირის გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების, შეწყვეტის რეგისტრაცია, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მეურვის, გაკოტ­რების ან რეაბილიტაციის მმართველის რეგისტრაცია, გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლი­ლებები.

ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

დაჩქარებული მომსახურების  შემთხვევაში (განცხადების შეტანის დღეს)  ვადის ათვლა  იწყება განცხადების რეგისტრაციისთანავე  და სრულდება ამ დღის გასვლასთან ერთად.

დამატებითი ინფორმაცია

თუ დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობის მიღება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად.

დაინტერესებული პირის მიერ ინგლისურენოვანი ამონაწერის მოთხოვნის შემთხვევაში 20 ლარი ემატება მომსახურების იმ საფასურს, რო­მელთან ერთადაც მოთხოვნილია ინგლისურენოვანი ამონაწერის მომ­ზადება.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერცული) იურიდიული პირების რეესტრიდან  ამონაწერის მიღება შესაძლებელია ვებ–გვერდზე www.napr.gov.ge,  საჯარო რეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებთან.