ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
სუბიექტის ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის დაწყების რეგისტრაცია / Registration of Commence of Entity’s Liquidation/Reorganization

For English version please click here

ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის დაწყების რეგისტრაცია:

მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის დაწყების შესახებ. პარტნიორებს, ასევე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან დირექტორს (დირექტორებს) შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირები, რომლებიც ახორციელებენ საწარმოს ლიკვიდაციას (ლიკვიდატორები).

რეორგანიზაციის სახეებია:

ა) გარდაქმნა (სამართლებრივი ფორმის ცვლილება);

ბ) შერწყმა (გაერთიანება, მიერთება);

გ) გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა).

პარტნიორებს შეუძლიათ ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმო გარდაქმნან სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოდ.

საწარმოები შეიძლება შეერწყან ერთმანეთს. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის დაწყების რეგისტრაციის წესი და პირობები

სუბიექტის ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის დაწყების რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებს.

პარტნიორები საერთო კრებაზე იღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რის შემდეგაც იწყება კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესი.

სუბიექტის რეორგანიზაციის დაწყების მოთხოვნის შემთხვევაში სავალდებულოა სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მიეთითოს რეორგანიზაციის სახე და ინფორმაცია რეორგანიზაციის შედეგების შესახებ.

საწარმოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იქნება საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების ვადები.

პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.  პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

 სარეგისტრაციოდ წარმოსადგენი დოკუმენტები:

  1. განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  2. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.(პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი)
  3. ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ);
  4. ინფორმაცია სუბიექტის ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების ვადების შესახებ;
  5. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმეტი ( 1 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი).
  6. შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასური და ვადა შემდეგნაირია:

განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი.

დამატებითი ინფორმაცია

თუ დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობის მიღება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად.

დაინტერესებული პირის მიერ ინგლისურენოვანი ამონაწერის მოთხოვნის შემთხვევაში 20 ლარი ემატება მომსახურების იმ საფასურს, რო­მელთან ერთადაც მოთხოვნილია ინგლისურენოვანი ამონაწერის მომ­ზადება.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერცული) იურიდიული პირების რეესტრიდან  ამონაწერის მიღება შესაძლებელია ვებ–გვერდზე www.napr.gov.ge, საჯარო რეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებთან.