საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს # 299 დადგენილებით დამტკიცდა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრები და სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთების საიდენტიფიკაციო მონაცემები. შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 46‑ე მუხლის მე‑3 პუნქტის და „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის მე‑2 მუხლის მე‑2 პუნქტის გათვალისწინებით. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული მონაცემების ციფრული ვერსიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება. ლინკი
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების ცვლილება კორექტირების გზით (საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია მუხლი-151, პუნქტი-2). კერძოდ:
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე.
- საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე.
სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირების მოთხოვნა შესაძლებელია, როგორც უძრავი ნივთის სარეგისტრაციო განცხადებების განხილვისას, ასევე ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის მეშვეობით განცხადების წარდგენის და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე.