Phone
ისტორია/რეფორმა

რა არის კადასტრი

საკადასტრო მონაცემები არის მიწის ნაკვეთის საზღვრის, კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია.

ისტორია

საკადასტრო ინფორმაციის შეგროვება საუკუნეების მანძილზე,  როგორც თვისობრივად, ტექნოლოგიურად და გეოგრაფიულად იცვლებოდა. ამიტომ ამჟამად არსებობს მიწაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების თანმდევი საკადასტო ინფორმაციის ნაირსახეობა: დაწყებული უმასშტაბო, ფურცლებზე შესრულებული ჩანახატების მსგავსი სქემები, დამთავრებული ზუსტი ელექტრონული  აზომვებით მიღებული კოორდინატებიანი ციფრული ნახაზებით.

საქართველოს უახლოესი წარსულის გათვალისწინებით და რეგისტრაციის პროცესის ხშირი ცვლილებების გამო,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში    სარეგისტრაციო დოკუმენტაციებში დაცულია სხვადასხვა ტიპის,  სიზუსტის და განსხვავებული მეთოდოლოგიით შესრულებული საკადასტრო ინფორმაცია. მათ შორის არის ისეთებიც, რომლის მიხედვითაც რეგისტრირებული ნაკვეთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელია. ასევე, ისეთი საკადასტრო მონაცემებიც (ე. წ. სისტემური ინვენტარიზაციის აღწერები), რომელთაც არანაირი იურიდიული სტატუსი არ გააჩნიათ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ერთიანი საკადასტრო სტანდარტის შექმნაზე მუშაობს. ერთიანი საკადასტრო სტანდარტის შექმნა მნიშვნელოვანი ფაქტორია და ის განსაკუთრებულ როლს შეასრულებს კადასტრის  ეფექტურად და თანამედროვე მიდგომებით წარმართვის პროცესში. ამ სტანდარტის შექმნის შემდეგ დადგინდება ის ერთიანი რეგუალაცია და წესები, რომლითაც მომავალში კადასტრთან დაკავშირებული სხვადასხვა საქმიანობის წარმართვა მოხდება.

რეფორმა

2006  წლამდე  კადასტრის  წარმოებას სისტემური სახე არ ჰქონდა, რამაც იმდრონდელი საკადასტრო მონაცემების შეგროვებისა და თავმოყრის პროცედურები, განსაკუთრებით კი რაიონებში, ფაქტობრივად სრულად მოშალა.  მისი ერთიან სისტემაში მოქცევა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2006 წელს დაიწყო. 2011 წლისთვის უწყებამ კადასტრის წარმოების ცენტრალიზების პროექტი დაასრულა. ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში განთავსება აუცილებელი პირობა გახდა.

თანამედროვე გეოინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მიღწევებმა მიწის კადასტრი ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა. კადასტრის თანამედროვე მეთოდი დედამიწის ზედაპირზე მდებარე ობიექტების - მიწის ნაკვეთებისა და შენობების აზომვასა და მათი კოორდინატების ელექტრონული მოწყობილობების საშუალებებით დაფიქსირებას ითვალისწინებს. ეს მეთოდი კი ობიექტების მდებარეობისა და ფართობის ციფრული სახით ასახვას უზრუნველყოფს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკადასტრო სისტემის შექმნის პროცესში სწორედ ამგვარი თანამედროვე მიდგომები გამოიყენა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ერთიანი საკადასტრო  ბაზაა შექმნილი, კვლავაც არსებობს ძველ მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთა აღმოფხვრასა და  სრულყოფაზე, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებასა და მათი ელექტრონული მონაცემების შექმნაზე სააგენტო მუდმივად მუშაობს, როგორც საკუთარი რესურსით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების დახმარებით. სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ საკადასტრო მონაცემების ხარისხის გაუმჯობესება, დახვეწა და სრულყოფაა.

მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი  საკადასტრო ნახაზების ისტორიული მიმოხილვა