ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
საქართველო - ევროპის რუკაზე

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  აქტიურად თანამშრომლობს ევროპის ნაციონალური ტოპოგრაფიული, საკადასტრო და მიწის რეგისტრაციის გავლენიან ასოციაცია EuroGeorgaphics-თან, რომლის საქმიანობა ევროპის გეოსივრცითი მონაცემების ერთიანი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისკენაა  მიმართული.  

EuroGeorgaphics-თან საქართველოს თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გეოინფორმაციულ სფეროში ევროპული სტანდარტების დამკვიდრების, სააგენტოს საკადრო რესურსის განვითარების, უცხოელი სპეციალისტების საუკეთესო გამოცდილების, ცოდნისა და გეოგრაფიულ მონაცემებთან მუშაობის პრაქტიკის გაზიარების, ასევე,  რეგიონალური და ევროპული სივრცითი მონაცემების გლობალურ სფეროში ეროვნული ინტერესების წარდგენის კუთხით.

EuroGeorgaphics-თან პარტნიორობის დახმარებითა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, საქართველოს გეოგრაფიული მონაცემები ევროპულ სივრცეში პირველად გავიდა. დღეს ეს ინფორმაცია ერთადერთია, რომლითაც ევროპული ინსტიტუტები საქართველოსთან მიმართებაში ხელმძღვანელობენ.

საქართველო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახით, 2010 წლიდან  EuroGeorgaphics-ის წევრია და ჩართულია მის პროექტებში.

  • სააგენტომ 2011 წელს ორგანიზაციასთან ერთად დაიწყო EuroGlobalMap (EGM) - ევროპის გლობალური რუკის პროექტის განხორციელება. პროექტი ევროპის გლობალური რუკისთვის 1:1 000 000 მასშტაბის ციფრული ტოპოგრაფიული გეომონაცემთა ბაზის შექმნასა და ევროპის ერთიან მონაცემთა ბაზაში ინტეგრირებას ითვალისწინებდა.
  • 2011 წელს დაიწყო და კვლავაც გრძელდება EuroRegionalMap (ERM) - ევროპის რეგიონალური რუკის პროექტი, რომელიც 1:100 000 მასშტაბის გემონაცემთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს. ბაზაში თავს უამრავი მონაცემი იყრის, მათ შორის, ინფორმაცია სატრანსპორტო ქსელის, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, გარემოს დაცვის ობიექტების ა.შ. შესახებ. პროექტის ფარგლებში, ინფორმაციის მოძიების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  სხვა სახელმწიფო უწყებებთანაც თანამშრომლობს. მიღებული ინფორმაცია EuroGeorgaphics-ის წესებისა და სტანდარტების შესაბამისად ტრანსფორმირდება და ევროპის ერთიან მონაცემთა ბაზაში ინტეგრაციისთვის იგზავნება. სააგენტო აღნიშნულ პროექტზე მუდმივად  მუშაობს: EuroGeorgaphics-ის მოთხოვნების შესაბამისად, ბაზის განახლება, მისი სხვადასხვა ინფორმაციით შევსება და რუკის მომდევნო ვერსიების შექმნა სისტემატურად ხდება.

სამომავლოდ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაგეგმილი აქვს EuroGeorgaphics-ის ორ პროექტში - EuroBoundaryMap-სა და EuroGeoNames-ში ჩართვა:

  • EuroBoundaryMap (EBM) ევროპის ადმინისტრაციული საზღვრების რუკას და 1: 100 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ გეომონაცემთა ბაზას წარმოადგენს. საქართველოში ჯერჯერობით სახელმწიფო და შიდა ადმინისტრაციული დაყოფის საზღვრების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ არსებობს. ადმინისტრაციული საზღვრების დადგენის წესის განსაზღვრისა და მუნიციპალიტეტების მიერ მათი გამიჯნვის დაწყების პარალელურად, საჯარო რეესტრი EuroBoundaryMap-ის პროექტში ჩასართავად შესაბამის მუშაობას დაიწყებს.
  • EuroGeoNames  ევროპის გეოგრაფიული სახელწოდებების ერთიანი კატალოგია. პროექტში ჩართვა სახელმწიფოს ოფიციალურად დამტკიცებული და დადასტურებული გეოგრაფიული სახელწოდებების ნაკრების შექმნას მოითხოვს. საქართველოში ამ სფეროს  კანონი  „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის“ შესახებ არეგულირებს, რის საფუძველზეც სამთავრობო კომისიაა შექმნილი. კომისია ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაშია და მასთან აქტიურად თანამშრომლობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოც. აღსანიშნავია, რომ NSDI-ს წარმატებით განხორციელება სააგენტოს EuroGeoNames -ში ჩართვის საშუალებას მისცემს. მის განვითარებასთან ერთად დაიწყება ქართული სახელწოდებების კატალოგის შემუშავება, EuroGeorgaphics-სთან გაგზავნის შემდეგ კი გლობალურ კატალოგში ქართული მონაცემებიც გაჩნდება.

აღსანიშნავია, რომ EuroGeorgaphics-ის მონაცემებით ხელმძღვანელობს უამრავი ოფიციალური უწყება და საერთაშორისო ორგანიზაცია, მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებთან, ევროპის გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების სააგენტოს, ევროსტატს, ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან. ამავდროულად ამ ორგანიზაციას დიდი წვლილი შეაქვს ევროკავშირის პოლიტიკის გატარებაში, ევროკავშირის მნიშვნელოვანი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებაში. შესაბამისად, ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის კუთხით.