ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტი

საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის და მისი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქციის გათვალისწინებით სანავიგაციო სისტემების განვითარება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობის ინიცირებით საჯარო რეესტრი ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანი ეროვნული სანავიგაციო სისტემის ჩამოყალიბება და საქართველოს მონაცემების მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო სისტემებში ინტეგრირებაა.

სანავიგაციო სისტემები შექმნილია, რათა ყველა ტიპის მომხმარებელს  გაუადვილოს ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება და დაეხმაროს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევაში. მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს სისტემა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ისეთი სპეციფიკური უწყებების საქმიანობაში როგორიცაა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სახანძრო, სამაშველო სამსახურები და პოლიცია.

პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები სრულად აღწერენ  საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა გეოგრაფიულ მონაცემს, მათ შორის: სატრანსპორტო ქსელს შესაბამისი ინფრასტრუქტურით, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელ ნიშნებს, შუქნიშნებს, ასევე, სანავიგაციო პროდუქტების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ მონაცემებს: ისტორიულ-კულტურულ, არქეოლოგიურ ძეგლებს, სასტუმროებს, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტებს, ბანკებს, რესტორნებს და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს. აღწერილი მნონაცემების ვიზუალიზაციისთვის  თანდართული იქნება  შესაბამისი ფოტომასალა.

საჯარო რეესტრი საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოების შედეგად მიღებულ გეორგაფიულ მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტების  შესაბამისად ამუშავებს და ეროვნული სანავიგაციო სისტემის  შესაქმნელად იყენებს.  ამას გარდა, სააგენტო ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანია Tomtom-ს აწვდის, რომელიც  მონაცემებს  თავის პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ-აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში, და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავს.

საქართველო პირველი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც მსოფლიოს წამყვან სანავიგაციო კომპანიასთან გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრირებაზე მუშაობს, TomTom-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება 2016 წლის 1დეკემბერს გაფორმდა.

ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნა და საქართველოს გეოგრაფიული მონაცემების  გლობალურ სანავიგაციო სისტემებში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილია. პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარებას.

პროექტის ფარგლებში აღწერილი მონაცემები დაჯგუფებულია თემატიკის მიხედვით და  გადანაწილებულია 19 კატეგორიაში. მოცემულია ასევე ინფორმაცია ობიექტების სახელწოდების, ტიპის, კლასის, სამუშაო საათების, საკონტაქტო და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ.

პროექტის ფარგლებში აღწერილი მონაცემები:

  • განთავსების ობიექტები

მონაცემები სასტუმროების, საოჯახო სასტუმროების, სანატორიუმების ჰოსტელების და სხვა მსგავსი ობიექტების შესახებ.

  • კვების ობიექტები

რესტორნების, კაფეების, ბარების, უფასო სასადილოების და სხვა ტიპის კვების ობიექტების შესახებ მონაცემები >>>