ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
საქართველო Google-ს რუკაზე

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სივრცითი მონაცემების მიმართულებით მიმდინარეობს,  Google-ს ინტერაქტიულ რუკაზე საქართველოს შესახებ მონაცემების განთავსებას უკავშირდება.

2011 წლამდე Google-ს რუკაზე ჩვენი ქვეყნის ადგილას მხოლოდ „თეთრი ლაქა“ იყო. სერვისის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოქალაქეები  უკმაყოფილებას ამის გამო ხშირად გამოთქვამდნენ. შესაბამისად, საქართველოს შესახებ ინფორმაციის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა პრიორიტეტული იყო  ქვეყნისთვის.

2009 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია Google-თან თანამშრომლობის თაობაზე   მოლაპარაკებები დაიწყო. ხელშეკრულების გაფორმებას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი უსწრებდა. ამჟამად სააგენტო  Google maps-ს რეგიონალური ადმინისტრატორია.

2011 წელს  სააგენტოს ძალისხმევით, ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაში ინფორმაცია საქართველოს შესახებაც გაჩნდა. დღეს უკვე ქვეყნის შესახებ დეტალური ინფორმაციის Google Map-ზე მოძიება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

სააგენტო მუდმივად მუშაობს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულყოფილად იყოს ასახული. რუკას თანდათან ემატება შენობები, გზები, მისამართები, ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების, მთების, მწვერვალების, მდინარეებისა და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ.

Google Map-ში დღეისთვის 100-მდე ქართული ძეგლი ზუსტი კოორდინატებით არის ინტეგრირებული.  ამ ინფორმაციის გარდა, რუკას დაემატა აღმაშენებლის გამზირის, ეთნოგრაფიული  მუზეუმისა და სახელმწიფო ორგანიზაციების  სამგანზომილებიანი გამოსახულებები.

Google-ის პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სრული ინფორმაციის განთავსება  მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ნავიგაციის სისტემის, ტურიზმისა და  ქვეყანის ეკონომიკური განვითარებისთვის.

Google maps-ზე მუშაობა მუდმივი, უწყვეტი პროცესია და ამ მიმართულებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქმიანობას  კვლავაც გააგრძელებს.