ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
NSDI - სივრცე თანამშრომლობისთვის... თანამშრომლობა განვითარებისთვის

ქართული სახელმწიფოს ისტორიული სწრაფვა, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი,  გულისხმობს სხვადასხვა სფეროების თუ დარგების ინტეგრაციასა და თავსებადობას ევროპულ სტანდარტებთან. მათ შორისაა გეოგრაფიული მონაცემების სფეროც.

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება ევროკავშირის მოთხოვნაა (ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს დირექტივა - სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურა ევროპულ თანამეგობრობაში (INSPIRE)), რომელსაც ის წევრ ქვეყნებს უყენებს. INSPIRE დირექტივა გეოინფორმაციული  სფეროს, საკანონმდებლო ბაზისა და ადმინისტრაციული საკითხების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.

გეოგრაფიულ მონაცემებზე თავისუფალი წვდომა  ჯანსაღი და მდგრადი საზოგადოებრივი განვითარებისთვის საჭირო წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მსგავსად, გადაწყვიტა, შექმნას და განავითაროს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს და გააუმჯობესოს ქვეყნის გეოგრაფიულ მონაცემებზე წვდომა.

საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელმაც ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნაზე დაიწყო მუშაობა, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

საქართველომ NSDI-ს  პროექტზე მუშაობა თითქმის ორი წელია დაიწყო. სამთავრობო კომისიის საქმიანობას, რომელიც NSDI-ის შექმნისა და განვითარების მიზნით ჩამოყალიბდა, კოორდინაციას  იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უწევს.

 სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა  პოლიტიკის, ინსტიტუციური ქმედებების, ტექნოლოგიების, გეომონაცემებისა და მეტამონაცემების ერთობლიობაა, რომელიც სივრცითი ინფორმაციის ეფექტურად გამოყენებისა და გაზიარების საშუალებას იძლევა. იგი ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთი ფორმაა და გულისხმობს მაღალი ხარისხის, ჰარმონიზებული სივრცითი  მონაცემების წარმოებასა და ხელმისაწვდომობას ვებპორტალის (გეოპორტალის) საშუალებით სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეებისა და მოქალაქეებისთვის. ამას გარდა, NSDI ხელს შეუწყობს ამ მონაცემების სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის მარტივად გაცვლის პროცესსაც, შეამცირებს ინფორმაციის მიღების დროსა და რესურსს.

სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურას ფართო გამოყენება ექნება. NSDI-ს საშუალებით გარემოსდაცვითი საკითხების მართვის რეგულირება, კატასტროფების თავიდან აცილება, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული პროექტების, საგანგებო სიტუაციების, საკომუნიკაციო და აერონავიგაციის სისტემების მართვა თუ ფუნქციონირება კიდევ უფრო მარტივი და ეფექტური გახდება.  ამგვარ მონაცემებს საჭიროებენ, როგორც სახანძრო, სასწრაფო დახმარებისა და სამოქალაქო თავდაცვის, ასევე წყლისა და ტყის მართვის სამსახურები, ადგილობრივი თვითმართველობები, გარემოსა და ბუნების დაცვის დაწესებულებები, კომუნალური და  სატრანსპორტო ქსელების ოპერატორები. ამას გარდა, NSDI ბიზნეს კომპანიებს ახალი მიმართულებების განვითარებასა და სტრატეგიების დაგეგმვაშიც დაეხმარება.

პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე, რომელიც 2015 წლის ბოლომდე გაგრძელდება, გეომონაცემების და მეტამონაცემების წარმოებისა და დამუშავების სტანდარტებისა და წესების შემუშავებაა დაგეგმილი.  ყველა  სტანდარტი ევროპული მოთხოვნების შესაბამისი იქნება. პარალელურად, მიმდინარეობს შესაბამის საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობაც.