Phone
სერვისები

ელექტრონული სერვისები ტექნიკური განმარტებით არის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება მომსახურებისა და ინფორმაციის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისათვის. ელექტრონული მომსახურებების საფუძველია მაღალი ხარისხისა და ინტერნეტით ხელმისაწვდომი ჰარმონიზებული მონაცემები.

ელექტრონული სერვისების განვითარების მიზანია, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ბიზნეს სექტორსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს შორის გაზარდოს ინფორმაციის გაცვლის ეფექტურობა, მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით. ასევე უზრუნველყოს მომხმარებელი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში, რამდენიმე მარტივი მანიპულაციის განხორციელებით ისარგებლოს სახელმწიფო სტრუქტურების ელექტრონული სერვისებით და მნიშვნელოვნად დაზოგოს დრო დ ფინანსური რესურსი.

უახლოეს მომავალში მომხმარებლები და გეოგრაფიული ინფორმაციის მწარმოებლები ურთიერთობისთვის გამოიყენებენ ინტერნეტზე დამყარებულ სერვისებს. შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სერვისების კომბინირება, რაც გაადვილებს და უფრო ეფექტურს გახდის მონაცემებზე წვდომას და მოგვცემს მონაცემთა შენახვის  დუბლირების თავიდან აცილების შესაძლებლობას.

სერვისების საშუალებით მიწოდებული ინფორმაცია/მომსახურეობა წარმოდგენილია ნებისმიერი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომ ფორმატში, რაც ხელს უწყობს მონაცემების ოფიციალურ გამოთხოვნათა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებას.

საერთაშორისო დონეზე გეოგრაფიულ მონაცემებს, მეტამონაცემებს და მათთან დაკავშირებულ ელექტრონულ სერვისებს არეგულირებს სტანდარტიზაციის ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორებიცაა:  ISO[1], OGC[2] და INSPIRE[3] და სხვა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისმა ელექტრონული სერვისებმა უნდა უზრუნველყონ სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ სტანდარტულ, წინასწარ განსაზღვრულ ფორმატში წარმოებულ, სივრცით მონაცემებზე და მეტამონაცემებზე ხელმისაწვდომობა (ძიება, დათვალიერება, ჩამოტვირთვა, ტრანსფორმაცია და სხვა).

მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ელექტრონული სერვისებია: დათვალიერების, ჩამოტვირთვის და აღმოჩენის სერვისები.

Web Map Service (WMS) - View service - დათვალიერების სერვისი

დინამიური სივრცითი მონაცემების ინტერნეტით გაზიარების საერთაშორისო სტანდარტი, სადაც მონაცემები განთავსებულია გამოსახულების ციფრული ფაილების ფორმატით, რომელიც როგორც მინიმუმ  შესაძლებელს ხდის სივრცითი მონაცემების კრებულის დათვალიერებას, ნავიგაციას, მასშტაბირებას, გადაადგილებას ან სივრცითი მონაცემების ატრიბუტული ინფორმაციის ჩვენებას.

Web Feature Service (WFS) - Download service - ჩამოტვირთვის სერვისი

სივრცითი მონაცემების კოპირების ან ჩამოტვირთვის საშუალება მონიშვნის კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელიც შესაძლებელს ხდის სივრცითი მონაცემების კრებულის ან მისი ნაწილის ასლის ჩამოტვირთვას და შესაძლებელია მათზე პირდაპირი წვდომის განხორციელება.

Catalogue Service for Web (CSW) - Discovery service - აღმოჩენის სერვისი

სივრცითი მონაცემების კომპლექსური ძიების საშუალება - კონკრეტული სივრცითი მონაცემის,  სივრცითი მონაცემების კომპლექტისა და ელექტრონული სერვისი - მათ შორის ძებნა შესაბამის მეტამონაცემების კატალოგშიც.

NSDI-ს პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (სივრცითი ინფორმაციის სამსახური), საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობით, განსაკუთრებით ისეთ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რომლებსაც ტექნიკური (გეოინფორმაციული) მიმართულება არ აქვთ სრულყოფილად განვითარებული, მაგრამ გააჩნიათ მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მონაცემები, მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მონაცემების და მეტამონაცემების ელექტრონული სერვისების შექმნაზე.

მიმდინარეობს მუშობა:

  • მეტამონაცემების სერვისი - კატალოგის სახით, წარმოდგენილი მეტამონაცემების რედაქტორისა და ვალიდატორის ფუნქციებით.
  • გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებების (ტოპონიმები)სერვისი

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების,  გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით მომზადებული საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებების (ტოპონიმები) ეროვნული კატალოგი, რომლის მონაცემებიც მომხმარებელს მიეწოდება სერვისის სახით.

  • გეოინფორმაციული ტერმინების განმარტებითი ლექსიკონის სერვისი

საქართველოში არ არსებობს გეოინფორმაციული სფეროს ერთიანი ტერმინოლოგია და ხშირად მომხმარებლები ვერ თანხმდებიან, რომელიმე ტერმინის შინაარსზე. ლექსიკონი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთო, ყველასთვის გასაგები და მარტივი ტერმინების დამკვიდრებაში, რაც მომხმარებელს სერვისის სახით მიეწოდება.

ასევე დაგეგმილია:

საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ განსაზღვრული, საბაზისო სივრცითი მონაცემების შემდეგი ნაკრებების ელექტრონული სერვისის სახით მომხმარებლებისათვის მიწოდება:

  • ადმინისტრაციული ერთეულები
  • გეოგრაფიული სახელწოდებები
  • სატრანსპორტო ქსელი
  • ჰიდროგრაფიული ქსელი
  • დაცული ტერიტორიები
  • მიწის საფარი
  • დემოგრაფია და სტატისტიკური ერთეულები
  • განათლების ობიექტები
  • და სხვა

                                                

წარმოდგენილი სერვისები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული სუბიექტისათვის, როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდის(www.napr.gov.ge), ასევე NSDI-ს ვებ-გვერდის (nsdi.gov.ge) საშუალებითაც.

 

[1] საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაცია

[2] Open Geospatial Consortium -  გეოსივრცითი ინფორმაციის ღია კონსორციუმი

[3] INSPIRE სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა ევროკავშირის ქვეყნებში