Phone
სტანდარტები

ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ქართული სახელმწიფოს სწრაფვა გულისხმობს სხვადასხვა სფეროების და დარგების თავსებადობას ევროპულ სტანდარტებთან. მათ შორის არის გეოგრაფიული მონაცემების სფეროც. საერთაშორისო დონეზე გეოგრაფიულ მონაცემებს, მასთან დაკავშირებულ ელექტრონულ სერვისებს და მეტამონაცემებს არეგულირებს სტანდარტიზაციის ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორებიცაა:  ISO, OGC და INSPIRE და სხვა.

საქართველოში გეოინფორმაციული სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზისა და სტანდარტების სიმწირის პირობებში, სივრცითი მონაცემების მწარმოებელი კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები ქმნიან მონაცემებს ყოველგვარი საერთო წესების, ნორმების, სპეციფიკაციებისა და სტანდარტების  გარეშე, რაც გავლენას ახდენს მონაცემების ხარისხზე, თავსებადობასა და სანდოობაზე.

სწორედ ამიტომ, საქართველოში ერთიანი გეოინფორმაციული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნების, ამოცანების და პრიორიტეტების განსაზღვრის, ასევე სივრცითი მონაცემების და მეტამონაცემების ეროვნული სტანდარტების ჩამოყალიბების, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის კომბინირებისა და მონაცემების მაქსიმალური ურთიერთთავსებადობის მიღწევის მიზნით, მთავრობის # 262 დადგენილების საფუძველზე, 2013 წლიდან, მიმდინარეობს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნისა და განვითარების პროექტი.

ამჯამად მიმდინარეობს მუშაობა სივრცითი მონაცემების და ელექტრონული სერვისების დოკუმენტირების - მეტამონაცემების ეროვნული პროფილის შექმნაზე, რომელიც დაეფუძნება ISO 19110/ 19115/19119/19139-ს საერთაშორისო სტანდარტებსა და INSPIRE-ს დირექტივის რეგულაციებს.

ასევე  დაგეგმილია სივრცითი მონაცემების შეგროვების და წარმოების მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების და სტანდარტების შემუშავება საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ განსაზღვრული საბაზისო სივრცითი მონაცემების შემდეგი ნაკრებებისათვის:

  • ადმინისტრაციული ერთეულები
  • გეოგრაფიული სახელწოდებები
  • სატრანსპორტო ქსელი
  • ჰიდროგრაფიული ქსელი
  • დაცული ტერიტორიები
  • მიწის საფარი
  • დემოგრაფია და სტატისტიკური ერთეულები
  • განათლების ობიექტები და სხვ.

NSDI-ს პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლობით შექმნილი რეგლამენტები, ტექნიკური სპეციფიკაციები და სტანდარტები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული სუბიექტისათვის, როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდის(www.napr.gov.ge), ასევე NSDI-ს ვებ-გვერდის (www.nsdi.gov.ge) საშუალებითაც.

NSDI-ს პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (სივრცითი ინფორმაციის სამსახური), საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობით მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ჰარმონიზებული სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემების და ელექტრონული სერვისების მარეგულირებელი სტანდარტებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების შექმნაზე.