ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
ელექტრონული საქმისწარმოება

ელექტრონული მმართველობის დანერგვა ორგანიზაციული პროცესების ახლებურად გააზრებას მოითხოვს. მოქალაქეთათვის ახალი, გაუმჯობესებული მომსახურების შეთავაზება შიდა სამსახურეობრივი საქმიანობის  გამართვისა და მოდერნიზების გარეშე შეუძლებელია.

ამ მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2007 წელს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა შექმნა, რომლის  მთავარ ამოცანას ქაღალდის დოკუმენტების ელექტრონულით  ჩანაცვლება და ზოგადად, სააგენტოში საქმისწარმოების პროცესის გაუმჯობესება იყო.

კანცელარიის  პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე შეიქმნა მონაცემთა ერთიანი ბაზა, დაიხვეწა საჭირო პროცედურები და ეფექტური გახდა როგორც თავად კანცელარიის, ასევე მთლიანად სააგენტოს მმართველობითი საქმიანობა.

პროგრამის მეშვეობით  სააგენტოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქმისწარმოება: ოპერატიულად ხდება სარეგისტრაციო სამსახურში შემოსული წერილების აღრიცხვა, ხელმძღვანელობისთვის დროულად გადაცემა, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გაგზავნა, ინფორმაციის შენახვა, მოძიება, გამარტივდა სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა.

2010  წლიდან  სააგენტოში შექმნილი საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის დანერგვა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დაიწყო. დღეისთვის ის  წარმატებით  78 სახელმწიფო ორგანიზაციაში ფუნქციონირებს. საქმისწარმოების ელექტრონიზაციამ გაამარტივა სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთობა და ხელი შეუწყო ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარებას.

საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის ამოქმედების შემდეგ, უწყებებში ყველა სახის კორესპონდენცია, მათ შორის მოქალაქეთა განცხადებები, ელექტრონულად  იგზავნება, რაც ადრესატამდე დოკუმენტების ოპერატიულად მიწოდებას, მათ დამუშავებას,  რეაგირებასა და კონტროლს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს საქმისწარმოების პროგრამის მეშვეობით, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, ელექტრონულად გააგზავნოს და მიიღოს ინფორმაცია, რომელზეც დადგენილია მომსახურების საფასური.    

აღსანიშნავია ისიც, რომ მოიხსნა ტერიტორიული შეზღუდვა და ნებისმიერი ინფორმაციის მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბით , კონკრეტულ ქალაქსა თუ რაიონში ჩაუსვლელად არის შესაძლებელი.