ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაცია

საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის უძრავ და მოძრავ ნივთებსა  (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს (სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, არბიტრაჟი, საგადასახადო ორგანო და სხვა) მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისთვის სავალდებულოა წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტი შეიცავდეს შეზღუდვის სუბიექტისა და ობიექტის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს.

დაუშვებელია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, თუ ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის ეს ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაშია.

რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა).

თუ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ცვლილების ან/და შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველია სასამართლოს გადაწყვეტილება, სავალდებულოა წარმოდგენილ იქნას დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდება ზემოხსენებული აქტის კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტი.

საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრის ძალაში არსებული მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ონლაინ,  სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

რეგისტრაციის წესი და პირობები

საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  • სარეგისტრაციო დოკუმენტი - საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის/ცვლილების/გაუქმების თაობაზე სასამართლო ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული აქტი;
  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობისა და ცვლილების რეგისტრაცია ხორციელდება 3 სამუშაო დღის ვადაში, მომსახურების საფასური  –  20 ლარი.

საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შეწყვეტის რეგისტრაცია ხორციელდება 3 სამუშაო დღის ვადაში, მომსახურების საფასურის გარეშე.

ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

აღნიშნული მომსახურების საფასური გადაიხდევა ერთეული ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მიხედვით.

დამატებითი ინფორმაცია

თუ დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობის მიღება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია: ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის და საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებების, მათ სასარგებლოდ დადებული შეზღუდვების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაცია.