ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების და უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია

საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას სახელმწიფო იყენებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში სახელმწიფოს წინაშე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად.

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება წარმოიშობა  პირის დავალიანების წარმოშობასთან ერთად და საჯარო რეესტში რეგისტრაციის მომენტიდან.

აღნიშნული უფლება ვრცელდება დავალიანების მქონე პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ მთელ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

ქონებაზე წარმოშობილი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა მესაკუთრეს არ ზღუდავს ქონების განკარგვისგან, ამასთან,  თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მესაკუთრის მიმართ.

ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იღებს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება ამონაწერს, იგი ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციისას არ მზადდება.

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრის ძალაში არსებული მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია სუბიექტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით ონლაინ,  სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

რეგისტრაციის წესი და პირობები

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  • სარეგისტრაციო დოკუმენტი - საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის/ცვლილების/შეწყვეტის თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული შეტყობინება/მომართვა.
  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების და უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია ხორციელდება 3 სამუშაო დღის ვადაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.

სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე. ეს წესი არ ვრცელდება მომსახურების დაუყოვნებლივ და განცხადების შეტანის დღეს მიღების შემთხვევებზე. 

თუ მომსახურება უნდა განხორციელდეს განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში,  სარეგისტრაციო ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე განაცხადი შემოტანილია არაუგვიანეს 12.00 საათისა. ხოლო თუ განცხადება შემოტანილია დღის 12.00 საათის შემდეგ, ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. 

თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე. 

შენიშვნა:

სსიპ შემოსავლების სამსახურსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებებით გაცვლის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2010 წლიდან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის/ცვლილებისა და შეწყვეტის რეგისტრაცია, როგორც წესი ხორციელდება მონაცემთა ელექტრონული გაცვლის საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაცია

თუ დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობის მიღება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.