ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
სისტემური ნუმერაცია

სისტემური ნუმერაცია ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: არარსებობს ნუმერაცია; არსებული ნუმერაცია არალოგიკური ან არასწორია და ასევე როდესაც დუბლირებულია მისამართები/ნომრები. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  ინიციატივით, დასაშვებია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), გზატკეცილების, ხეივნების, სანაპიროების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების მიმდებარედ არსებული შენობა–ნაგებობებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების,  ბინების და სხვა ფართების სისტემური დანომვრა ციფრების ან/და ქართული ანბანის ასოების გამოყენებით.

სისტემური ნუმერაციის წესი და პირობები

სისტემური ნუმერაციის განსახორციელებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ამხანაგობის კრების ოქმი ბინების ნუმერაციის შესახებ.

სისტემური ნუმერაცია ხორციელდება 30 კალენდარული დღის ვადაში მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე. ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

დამატებითი ინფორმაცია

თუ დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობის მიღება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.