Phone
consultation hotline
ავტორიზებული მომხმარებლები - ინოვაციური პროექტი

„ავტორიზებული მომხმარებელი“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინოვაციური პროექტია, რომელიც უწყებამ სარეგისტრაციო სისტემის გამარტივების, მოქალაქეებისთვის ახალი მომსახურების შეთავაზების და რიგების პრობლემის მოსაგვარებლად შეიმუშავა. პროექტის განხროციელების შედეგად სააგენტოსა და უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედ სუბიექტებს შორის ურთიერთობის ახალი ფორმა წარმოიშვა და მან სარგებელი თანაბრად მოუტანა, როგორც მოქალაქეებს, ისე ბიზნეს ორგანიზაციებს.

პროექტის თანახმად, სააგენტოს ფრონტ ოფისის დეცენტრალიზება მოხდა, რამაც მოქალაქეს სასურველი სერვისის სახლთან ან ოფისთან ახლოს, სარეგისტრაციო სამსახურში მისვლის გარეშე მიღების შესაძლებლობა მისცა. დღეს უწყების ფრონტოფისი სრულად დეცენტრალიზებულია, რაც სააგენტოს უძრავი ქონების ბაზრის მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში ეხმარება. მოქალაქეს მომსახურების მიღება, როგორც სააგენტოს 64 ტერიტორიულ სამსახურში, ასევე იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ნოტარიუსებთან და სხვა ავტორიზებულ მომხმარებლებთან შეუძლია.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საფუძველზე, კერძო კომპანიები საჯარო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული პროგრამების ავტორიზებული მომხმარებელები ხდებიან. თითოეულ მათგანს უწყების ერთიან მონაცემთა ბაზაში შესვლის ინდივიდუალური ნებართვა ენიჭება. ბაზაში დაცული ინფორმაციის მოძიების გარდა, ავტორიზებულ მომხმარებლებს კლიენტების სახელით სარეგისტრაციოდ საბუთების წარდგენისა და მოთხოვნილი დოკუმენტაციის მარტივად მიღების შესაძლებლობაც აქვთ. კერძო კომპანიები პოტენციურ მომხმარებლებს ახალ მომსახურებას სთავაზობენ, რასაც მათთვის დამატებითი შემოსავლები მოაქვს. ამას გარდა, ისინი დაჩქარებული, „ერთი სარკმლის პრინციპზე“ აწყობილი სერვისებით მომხმარებლებს კიდევ უფრო კომფორტულ გარემოს უქმნიან. პროექტმა ხელი შეუწყო უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი კერძო კომპანიების განვითარებასაც: გამარტივდა პროცედურები და შემცირდა ინფრომაციის მოპოვებისთვის საჭირო.

დღეისათვის სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 350-მდე ავტორიზებულ მომხმარებელთან აქვს გაფორმებული, რომელთა შორის სახელმწიფო სექტორი, ნოტარიუსები, კომერციული ბანკები, უძრავი ქონების სააგენტოები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ადვოკატები, იურიდიული და საამზომველო ფირმები არიან. თანამშრომლობით დაინტერესებული კომპანიების რიცხვი დღითიდღე იზრდება.