Phone
სიახლეები:

1:10 000 მასშტაბის პირობითი ნიშნების შექმნა

საქართველოში ციფრული ტოპოგრაფიული რუკებისთვის პირობითი ნიშნების სტანდარტი 2014 წლამდე არ არსებობდა. ქართველი ტოპოგრაფები და კარტოგრაფები, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული, მხოლოდ ძველი ტოპოგრაფიული რუკებისთვის განკუთვნილი კლასიფიკატორით სარგებლობდნენ. ტოპო-რუკებისათვის პირობითი ნიშნების ჩამონათვალი წიგნების სახით, რუსულ ენაზე იყო გამოცემული და ტოპოგრაფიული რუკის შესაქმნელად ერთადერთ სახელმძღვანელოს წარმოადგენდა. რუკები კი ქაღალდზე ხელით იხაზებოდა.

1:10000 -იან ტოპოგრაფიულ რუკებსა და ქართულენოვან პირობით ნიშნებზე მუშაობა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო. შესაბამისი ნორმატიული აქტის დამტკიცების შემდეგ, ის ვებგვერდზე განთავსდება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის დღის წესრიგში ციფრული სტანდარტის შექმნის საკითხიც დადგა. დოკუმენტი ტოპოგრაფიული რუკის დამკვეთი ყველა სახელმწიფო უწყებისთვის სახელმძღვანელოს ფუნქციას შეასრულებს.

1:10 000 მასშტაბის ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შესაქმნელად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრული ტექნოლოგიური პროცესი შეიმუშავა. შეირჩა და დაკომპლექტდა დაახლოებით 600 პირობითი ნიშანი (სიმბოლო); ყველა მათგანს ინდივიდუალური უნიკალური კოდი მიენიჭა. შეიქმნა ციფრული სტანდარტი Georgia_10 000 „STYLE” – პირველი ქართული კლასიფიკატორი, რომლის საშუალებითაც ციფრული ტოპოგრაფიული რუკის კარტოგრაფიული გაფორმება მოხდება.

ახალი ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკა ქვეყანას სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო და სადემარკაციო სამუშაოების წარმოებაში, სამოქალაქო და სამხედრო ტიპის საინჟინრო ნაგებობათა დაგეგმარებაში, ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაში დაეხმარება. 

10 000 მასშტაბის გორის ტოპოგრაფიული რუკის შექმნა

აეროგადაღების საფუძველზე,   სტერეოხაზვის მეთოდით იქმნება გორის 1:10 000 მასშტაბის ციფრული, ქართულენოვანი   ტოპოგრაფიული რუკა.