ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
გირავნობის/ლიზინგის უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების და უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია

მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრი წარმოადგენს მოძრავ ნივთებსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო, მცურავი და საფრენი საშუალებებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე (გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებისა) გირავნობის/ლიზინგის უფლების წარმოშობის, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების და უფლების შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობას.

გირავნობა/ლიზინგის უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ამ უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეგისტრაცია წარმოებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ან შეტყობინების (განცხადება/ინფორმაცია) საფუძველზე.

მარეგისტრირებელი ორგანო პასუხს არ აგებს პირის უფლებამოსილებაზე, მოითხოვოს მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია ან/და მის მიერ წარმოდგენილი შეტყობინების და მონაცემების ნამდვილობაზე.

შეტყობინების საფუძველზე უფლების წარმოშობის, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების ან რეგისტრირებული უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარმომდგენი დაინტერესებული პირი (კრედიტორი ან მოვალე) ვალდებულია რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში შეატყობინოს მეორე მხარეს.

გირავნობის/ლიზინგის უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების და უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის   შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადებას, იგი მზადდება მხოლოდ ამონაწერის მომზადების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში.

რეგისტრაციის წესი და პირობები

გირავნობის/ლიზინგის უფლების წარმოშობის, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების და უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სარეგისტრაციო დოკუმენტი (ხელშეკრულება, კრედიტორის წერილი, სასამართლოს აქტი და ა.შ.) ან კანონით განსაზღვრული შეტყობინება.

გირავნობის/ლიზინგის უფლების წარმოშობის, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების და უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია ხორციელდება დაუყოვნებლივ, მომსახურების საფასური – 30 ლარი.

აღნიშნული მომსახურების საფასური გადაიხდევა ერთეული უფლების მიხედვით.

შენიშვნა:

თუ რეგისტრაცია ეხება რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციას, რეგისტრაცია წარმოებს 4 სამუშაო დღის ვადაში მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე. ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასურის და ვადები შემდეგნაირია:

განცხადების შეტანის დღეს – 50 ლარი

ერთ სამუშაო დღეში – 30 ლარი

სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე. ეს წესი არ ვრცელდება მომსახურების დაუყოვნებლივ და განცხადების შეტანის დღეს მიღების შემთხვევებზე. 

თუ მომსახურება უნდა განხორციელდეს განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში,  სარეგისტრაციო ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე განაცხადი შემოტანილია არაუგვიანეს 12.00 საათისა. ხოლო თუ განცხადება შემოტანილია დღის 12.00 საათის შემდეგ, ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. 

თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე. 

დამატებითი ინფორმაცია

თუ დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობის მიღება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის და საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაცია.