ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადება

მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრი წარმოადგენს მოძრავ ნივთებსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო, მცურავი და საფრენი საშუალებებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე (გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებისა) გირავნობის/ლიზინგის უფლების წარმოშობის, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების და უფლების შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობას.

ამონაწერი მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის მოძრავ ნივთებზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობის/ლიზინგის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ მონაცემებს.

ამონაწერი მზადდება ერთი სარეგისტრაციო სუბიექტის - მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების საფუძველზე.

ამონაწერის მომზადება გირავნობის ობიექტის საფუძველზე შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებულია იდენტიფიცირებადი მოძრავი ნივთი (ამ შემთხვევაში ამონაწერი მზადდება ნივთის სერიული ნომრის მიხედვით).

მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება მხოლოდ ამონაწერის მომზადების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში. 

განცხადების წარდგენის წესი და პირობები

მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადების მოთხოვნის მიზნით, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლს.

წარსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება 1 სამუშაო დღის ვადაში, მომსახურების საფასური – 15 ლარი.

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასურის და ვადები შემდეგნაირია:

განცხადების შეტანის დღეს – 50 ლარი.

 

სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე. ეს წესი არ ვრცელდება მომსახურების დაუყოვნებლივ და განცხადების შეტანის დღეს მიღების შემთხვევებზე. 

 

თუ მომსახურება უნდა განხორციელდეს განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში,  სარეგისტრაციო ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე განაცხადი შემოტანილია არაუგვიანეს 12.00 საათისა. ხოლო თუ განცხადება შემოტანილია დღის 12.00 საათის შემდეგ, ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. 

 

თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.