Phone
გირავნობა/ლიზინგის რეესტრი

2004 წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შექმნით მოძრავ ნივთებსა და არამატარიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეგისტრაციის რეფორმის პროცესი დაიწყო. თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ელექტრონული სისტემის შესაქმნელად, 2009 წლიდან ცენტრალიზებული, ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფა დაინერგა, რომელმაც სხვადასხვა ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში თუ საგადასახადო ორგანოებში რეგისტრირებული მონაცემები გააერთიანა. რეფორმამ ერთის მხრივ გაამარტივა და დახვეწა სარეგისტრაციო პროცედურა, მეორეს მხრივ - გაზარდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ვებგვერდის დახმარებით, საფასურის გადახდის გარეშე, შესაძლებელი გახდა რეგისტრირებული გირავნობის/ლიზინგის თაობაზე ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება. ავტორიზებულ მომხმარებლებს კი გირავნობის უფლების სააგენტოსგან დამოუკიდებლად აღრიცხვის უფლება მიეცათ. გამჭირვალე, მოქნილი სისტემის შექმნამ გაზარდა სანდოობის ხარისხი და შეამცირა რისკები. გამარტივდა სესხის გაცემის პროცედურებიც.

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის ინოვაციურობამ გირავნობის/ლიზინგის წარმოშობის, ცვლილების ან/და შეწყვეტის ხელშეკრულების გარეშე რეგისტრაცია განაპირობა. პროცესის დაწყება მხოლოდ განცხადების საფუძველზეა შესაძლებელი.

არსებული და სამომავლო მოძრავი ქონებისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. დღეს იმ თანხების ოდენობა, რომლებიც გირავნობის უზრუნველყოფით გაიცემა, საკმაოდ სოლიდურია. ამასთან, როგორც წესი, გირავნობის საგანი ადრეულ პერიოდში მხოლოდ მეწარმე სუბიექტის წილი ან მოძრავი ქონება იყო, ამჟამად კი გირავნობის ობიექტები მრავლფეროვანია: სამომხმარებლო პორტფელი, ბანკებში განთავსებულ თანხებზე, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის უფლებები, სხვადასხვა კატეგორიის ლიცენზიები და სხვა.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო პროცესის გამარტივებასა და გაუმჯობესებაზე მსჯელობა და ზრუნვა დღესაც მიმდინარეობს და სააგენტოს პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.