ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმატებული პროექტები მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განიხილეს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმატებით განხორციელებული  პროექტები უზბეკეთში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ პლენარულ სხდომებზე განიხილეს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე, სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, უზბეკეთსა და საქართველოს შორის მიწის მართვის საკითხებში რეგიონული ცოდნის გაზიარების  სხდომებში მონაწილეობდა. 

ღონისძიებაზე სააგენტოს დელეგაციამ საჯარო რეესტრის საქმიანობაზე, გეოდეზიისა და გეოინფორმაციის, ასევე რეგისტრაციის დეპარტამენტში მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ პრეზენტაციები წარადგინა.  საუბარი ასევე შეეხო  საჯარო რეესტრის და მსოფლიო ბანკის „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტს“ და ელექტრონული ოქმის კომერციალიზაციის პაკეტს.

ვიზიტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის წარმომადგენლები ქალაქ სამარყანდში იმყოფებოდნენ, სადაც უზბეკეთის მთავრობის მიერ ახლად დანერგილ უძრავი ქონების და კადასტრის სისტემებს გაეცნენ.

პლენარულ სხდომას მსოფლიო ბანკის რეგიონული მენეჯერები, უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლები, საკადასტრო და სარეგისტრაციო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მხარეებმა განიხილეს უზბეკეთსა და საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მიწის რეფორმის საკითხები.