ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მიწის სისტემური რეგისტრაციის სამუშაოებს ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მიწის სისტემური რეგისტრაციის სამუშაოებს გაეცნო. თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი,  საველე სამუშაოების მიმდინარეობას დაესწრო, სადაც სააგენტოს ამზომველთა ჯგუფებმა მიწის ნაკვეთების აზომვასთან დაკავშირებული ყველა ეტაპი და სხვადასხვა ტექნიკური საკითხები გააცნეს.

სააგენტოს საველე ჯგუფები მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვით სამუშაოებს მესაკუთრეების თანდასწრებით ახორციელებენ. ჯგუფის წარმომადგენლები მიწის ნაკვეთის  ადგილზე დათვალიერების ოქმებს ავსებენ და მოსახლეობას  საკუთრების უფლების საკითხებზე სამართლებრივ დახმარებას უწევენ.

სამუშაო პროცესის გაცნობის დასასრულს, ოლეგ (ბაჩო) თორთლაძემ ამზომველებს და პროექტში ჩართულ ყველა თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

საველე სამუშაოების გაცნობის გარდა, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა და ქვემო ქართლის რეგიონული ოფისები მოინახულა. მან ხაშურის, გორის, კასპის, მცხეთის, რუსთავის, მარნეულისა და ბოლნისის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადმინისტრაციულ-ტექნიკური  საკითხები განიხილა.

შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტს ეტაპობრივად ყველა იმ გეოგრაფიულ არეალზე ახორციელებს, სადაც სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული “ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების” პროექტის ფარგლებში. პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთები სისტემური წესით კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, 5 მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად დარეგისტრირდება.