ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრი ირაკლი აბუსერიძისთვის რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციის შეჩერების მიზეზებს კიდევ ერთხელ განმარტავს
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრმა ერთხელ უკვე დაწვრილებით განმარტა ირაკლი აბუსერიძისთვის რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარმოების შეჩერების მიზეზები, დაინტერესებულმა პირები კვლავ იხსენიებენ უწყებას არასწორ კონტექსტში. ამის გათვალისწინებით, საჯარო რეეესტრი კიდევ ერთხელ განმარტავს არსებულ ვითარებას:
 
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ირაკლი აბუსერიძემ განცხადებით 2021 წლის 6 იანვარს მიმართა. განცხადებით მოთხოვნილი იყო მისი რეგისტრაცია „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად, ასევე, გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია.
 
როგორც საჯარო რეესტრში წარმოდგენილი დოკუმენტაციით გაირკვა, „საქართველოს რაგბის კავშირმა“ პირველი კრება 2020 წლის 24 თებერვალს ჩაატარა, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო კრება ვერ შედგა. ასეთ შემთხვევაში წესდება უშვებს პირველ კრებაზე წარმოდგენილი საკითხების განმეორებით კრებაზე განხილვის შესაძლებლობას, სადაც, პირველი კრებისგან განსხვავებით, კვორუმისთვის, ნაცვლად ნამდვილ წევრთა ხმათა 2/3-ისა, საჭიროა ნამდვილ წევრთა ხმების, სულ ცოტა, 50%-ზე მეტი. „საქართველოს რაგბის კავშირის“ წესდებით, ასეთ დროს განმეორებითი კრება არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარდეს. მიუხედავად ამ ჩანაწერისა, ირკვევა, რომ განმეორებითი კრება არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 10 თვის შემდეგ ჩატარდა. სწორედ ეს გახდა ირაკლი აბუსერიძის განცხადების წარმოების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი.
 
ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, პრეზიდენტის არჩევის გარდა განცხადებით მოთხოვნილი იყო გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ დარღვეული იყო განმეორებითი კრების მოწვევის ვადები, არსებობს წარმოების შეჩერების კიდევ ერთი საფუძველი. კერძოდ, წესდების მიხედვით, არ შეიძლება განმეორებით კრებაზე განიხილონ ისეთი საკითხი, რაც პირველი კრების დღის წესრიგში არ ყოფილა. როგორც წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, გამგეობის წევრების არჩევა 24 თებერვალს ჩატარებული კრების დღის წესრიგში არ შედიოდა. შესაბამისად, დეკემბრის კრება ვადაში და წესდების დაცვით რომც ჩატარებულიყო, ის არ იყო უფლებამოსილი, განეხილა გამგეობის წევრების არჩევის საკითხი.
 
იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები წინააღმდეგობაშია და არ შეესაბამაბა თვით რაგბის კავშირის წესდებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება წარმოების შეჩერების თაობაზე და ირაკლი აბუსერიძეს საბუთებში არსებული ხარვეზების გამოსწორებისათვის ვადა 5 თებერვლამდე მისცა, თუმცა, დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრში შემოსულია მხოლოდ 2021 წლის 22 იანვრის ადმინისტრაციული საჩივარი, სადაც ირაკლი აბუსერიძე არ ეთანხმება მისთვის დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნებს, არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად კი, საჯარო რეესტრს დღემდე რაიმე ტიპის დოკუმენტი არ მიუღია.