ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარაში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო სამუშაოები მიმდინარეობს
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარას ადმინისტრაციულ ერთეულში  საკადასტრო აგეგმვითი–აზომვითი სამუშაოები მიმდინარეობს. სააგენტოს საველე ჯგუფები მესაკუთრეთა ჩართულობით,  აღნიშნულ არეალზე არსებულ მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვებ 9 ოქტომბრიდან ახორციელებენ.
 
საველე სამუშაოების დაწყებამდე, პროექტის პირველ ეტაპზე ხვანჭკარაში საჯარო გამოცხადებისთვის სპეციალური სივრცე მოეწყო, სადაც დაინტერესებული მოქალაქეები მიწის ნაკვეთების, უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და უფლებამოსილი პირების შესახებ საარქივო მონაცემებს ეცნობოდნენ და განაცხადებს ავსებდნენ. მომდევნო კვირიდან საკადასტრო სამუშაოები ამბროლაურის კიდევ ერთ ადმინმისტრაციულ ერთეულში- ჭრებალოში დაიწყება და საველე ეტაპი თვის ბოლოს ორივე დასახლებაში დასრულდება.

მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომელმაც სარეგისტრაციო პროცედურები გაამარტივა და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადა, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, 2016 წელს დაიწყო და წარმატებით ხორციელდება. რეფორმის მიმდინარეობის 4–წლის მანძილზე დაახლოებით იგივე ოდენობის მიწის ფართობი დარეგისტრირდა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან რეფორმის დაწყებამდე, ანუ 25–წლიან პერიოდში. რეფორმის მიზანია საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს და ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორია კადასტრით სრულად დაიფაროს.

რეფორმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის №562 ბრძანების საფუძველზე სისტემური რეგისტრაციის განსახორციელებლად 7 მაღალმთიანი გეოგრაფიული არეალია შერჩეული, სადაც, საბიუჯეტო სახსრებით, მიწის სისტემური რეგისტრაცია მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს:

· ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულები
· ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები
· ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციული ერთეულები
· ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის დასახლება.