ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
გორისა და ქარელის სოფლებში მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე-საკადასტრო სამუშაოები დაიწყო

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების  ვარიანის, შინდისის, ნიქოზისა და ურბნისის ადმინისტრაციულ ერთეულებში  მიწის სისტემური  რეგისტრაციის პროექტის საველე აზომვითი სამუშაოები დაიწყო. საჯარო რეესტრის საველე ჯგუფები  აღნიშნულ არეალებზე არსებულ მიწის ნაკვეთებს აზომავენ და მოქალაქეთა საკუთრებაში დაარეგისტრირებენ. საკადასტრო სამუშაოების დაწყებამდე მონაცემები საჯაროდ იყო გამოქვეყნებული სოფელ შინდისის სკოლაში და ურბნისის მერის წარმომადგენლის შენობაში. საჯარო გამოცხადებისთვის მოწყობილ სპეციალურ სივრცეებში, დაინტერესებული მოქალაქეები მიწის ნაკვეთების, უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და უფლებამოსილი პირების შესახებ საარქივო მონაცემებს ეცნობოდნენ და განაცხადებს ავსებდნენ.  საველე-საკადასტრო სამუშაოები მომდევნო კვირიდან ქარელის მუნიციპალიტეტის რუსისა და გიგანტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაგრძელდება. 

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის სამუშაოები ყველა იმ გეოგრაფიულ არეალზე ხორციელდება, სადაც  მსოფლიო  ბანკის მიერ დაფინანსებული “ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების” პროექტის ფარგლებში სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწების სისტემურ რეგისტრაციას ეტაპობრივად კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, 5 მუნიციპალიტეტის  28 ადმინისტრაციულ ერთეულში განახორციელებს.  კერძოდ:

  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დურნუკის, ჩხიკვთას, ასურეთის, ბორბალოს, ჯორჯიაშვილის, კოდას, მარაბდას, წინწყაროს, გოლთეთის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის ადმინისტრაციულ ერთეულში;
  • ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის, ურბნისის, ბრეთის და გიგანტის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
  • გორის მუნიციპალიტეტის შინდისის, ვარიანის და ნიქოზის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქალაქ საგარეჯოს, ნინოწმინდას, წყაროსთავის, გიორგიწმინდას, ყანდაურას, შიბლიანის, იორმუღანლოს, ლამბალოს, თულარის და დუზაგრამას ადმინისტრაციულ ერთეულებში.

აღნიშნული 5 მუნიციპალიტეტის გარდა მიწის სისტემური რეგისტრაცია იმ 7 მაღალმთიან დასახლებაშიც ხორციელდება, რომელიც იუსტიციის მინისტრის  2020 წლის 3 ივლისის №562 ბრძანების არის განსაზღვრული.

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, შერჩეულ დასახლებებში სისტემური წესით კერძო, მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება.   საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეების მომართვას არ დაელოდება და ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას, როგორიცაა: საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზი და ნაკვეთების  დარეგისტრირება –  საკუთარი ინიციატივით და უფასოდ განახორციელებს.  პროექტი კერძო მესაკუთრეებს საშუალებას მისცემს მიწის ნაკვეთები მარტივად და უფასოდ დაირეგისტრირონ,  შეძლონ რეგისტრირებული საკუთრების ეფექტურად განკარგვა და ეკონომიკური სარგებლის მიღება. 

მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომელმაც სარეგისტრაციო პროცედურები გაამარტივა და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადა, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით,  2016 წელს დაიწყო და წარმატებით ხორციელდება.  რეფორმის მიმდინარეობის 4–წლის მანძილზე დაახლოებით იგივე ოდენობის მიწის ფართობი დარეგისტრირდა, რაც  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან რეფორმის დაწყებამდე, ანუ 25–წლიან პერიოდში.  რეფორმის მიზანია საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს და  ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორია კადასტრით სრულად დაიფაროს.