ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს სომხეთის დელეგაცია გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ეწვია და უწყების მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და სერვისებს გაეცნო. სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ვაჰე დანელიანს და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სააგენტოს ხელმძღვანელს ანი მხითარიანს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე ნათია ჩირიკაშვილი,  საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მარი ხარძიანი  და ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი ნინო მესხი შეხვდნენ. 

დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იურიდიული პირების რეგისტრაციის პროცედურებისა და მიწის რეგისტრაციის  რეფორმის შესახებ, რომელსაც საჯარო რეესტრი 2016 წლიდან წარმატებით ახორციელებს. ასევე ინფორმირდნენ უძრავი ქონების რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურების,  ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებისა და საჯარო რეესტრის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლითაც უწყება  “Doing Bussiness-ის“ რეიტინგში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს. 

საინფორმაციო შეხვედრისას  დელეგაციის წევრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ  საჯარო რეესტრის  მიერ დანერგილი ბიზნესრეესტრის ინოვაციური ელექტრონული სერვისებით, რომელიც ბიზნესთან დაკავშირებულ პროცედურებს მაქსიმალურად ამარტივებს. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში  სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები იუსტიცის სამინისტროსა და მისი  სსიპების  საქმიანობასაც გაეცნენ.