ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან

მიწის რეგისტრაციის რეფორმის  საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები  ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობენ.

მიწის რეგისტრაციის კიდევ უფრო გამარტივებულ  პროცედურებსა და 2020 წლიდან ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ამჯერად  ქვემო ქართლის რეგიონში, მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და მერიის თანამშრომლები, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიების წევრები და მიწის რეგისტრაციის საკითხებით დაინტერესებული პირები გაეცნენ. საინფორმაციო შეხვედრები რუსთავში, გარდაბანში,  მარნეულში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, წალკასა და დმანისში გაიმართა და მათში  აქტიურად მონაწილეობდნენ საჯარო რეესტრის იურიდიული დეპარტამენტის, ქონების რეგისტრაციის, გეოდეზია-გეოინფორმაციისა და სხვა სამსახურების თანამშრომლები.

ცვლილებების თანახმად , 2020 წლის 1 იანვრიდან მიწის რეგისტრაცია საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო მარტივად შეუძლიათ. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა, გახდა მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ. 

რეგისტრაცია კვლავინდებურად წარმოებს ორი სახით: სპორადული და სისტემური წესით.

როგორც სპორადული, ისე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში:

 -   გაფართოვდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები. ეს იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტებით, რომლებითაც მიწის რეგისტრაცია შესაძლებელი არ იყო, მოქალაქეები მიწის დარეგისტრირებას შეძლებენ.  მაგალითად, მიღება-ჩაბარების აქტი ან მებაღის წიგნაკი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შედგენილად ჩაითვლება, თუ მასში არ არის მითითებული დოკუმენტის გაცემის წელი;

-   კიდევ უფრო გამარტივდა ფორმის დაუცველად დადებული გარიგებების საფუძველზე უფლებათა რეგისტრაციის წესიშესაბამისად, ამგვარი გარიგების საფუძველზე მიწის რეგისტრაციას მეტი მოქალაქე შეძლებს. კერძოდ, რეგისტრაცია შესაძლებელი ხდება დოკუმენტის ასლის საფუძველზე, თუკი ასლი დაცულია ეროვნულ არქივში, საჯარო რეესტრში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში;
 

-   გამარტივდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე. იმ შემთხვევაში, თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ იძებნება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით;

 

-   შესაძლებელი გახდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ კომლების (ოჯახების) მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან საკომლო წიგნებში, მაგრამ საკომლო წიგნში  მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შევსებული არ არის  ამგვარი მიწის რეგისტრაცია არ იყო შესაძლებელი. ასეთი შემთხვევებისთვის კანონით დგინდება ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ზღვრული ნორმა − 0,75 ჰა, რაც, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკომლო წიგნების ანალიზის საფუძველზე, საოჯახო მეურნეობებისთვის გამოყოფილი მიწის ოდენობების საშუალო მაჩვენებელია.

 

გარდა ამისა, სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში:

 -   რეგიონს, სადაც სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება, განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი საჭიროებისა და სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე;

 -   აზომვითი სამუშაოების ზუსტად ჩატარების მიზნით, იმისათვის, რომ თითოეული მესაკუთრის უფლება სრულად იქნეს დაცული, პროექტის ფარგლებში საკადასტრო სამუშაოების ჩატარება შეეძლებათ მხოლოდ აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებულ პირებს;

 -   მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ნაცვლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისა, დადგინდება სააგენტოს მიერ;

 -  თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას სააგენტო აღიარებს; სააგენტო საკუთრების უფლებას აღიარებს თვითნებურად დაკავებულ ისეთ სათიბ, სახნავ ან საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზეც, რომლებზეც განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს. 

სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში: 

-   თუკი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის უფლება ვერ დადასტურდება, საჯარო რეესტრი განსაზღვრავს, რამდენად ექვემდებარება საკუთრების უფლება აღიარებას და მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში გადაუგზავნის საქმეს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რაც განტვირთვას კომისიებს საქმეებისაგან და დააჩქარებს განხილვის პროცესს;

 -   შეიცვალა აღიარების კომისიების მიერ სააგენტოდან გადაგზავნილი საქმეების განხილვის ვადა და ის განისაზღვრება 3 თვით. პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად და გასაჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ცვლილება მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ აღიარების კომისიაში საქმეების განხილვის ხანგრძლივობა და გაჭიანურება დღეს მოქმედი რეგულაციის ერთ-ერთი გამოწვევაა;

-   გაფართოვდა მიწის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ცნება. მათ შორის, თუკი ასეთ დოკუმენტად მიიჩნეოდა  ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ახალი რეგულაციით ეს წესი გავრცელდება 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე, რაც მიწის დაკანონებას გაუადვილებს მოქალაქეებს, რომლებიც მიწის ნაკვეთებს 1995 წლიდან ფლობენ.

აღსანიშნავია, რომ არც სპორადული და არც სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში, 2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას და სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით. შესაბამისად, ასეთ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ სოციალური დახმარება და ყველა შეღავათი, რითაც მიწის რეგისტრაციამდე სარგებლობდნენ.  

კანონის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია უსასყიდლოდ, საზღაურის გარეშე შესრულდება, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება. ამასთან, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე სამკვიდრო მოწმობის გაცემა უფასო იქნება.

მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზანი ქვეყნის მასშტაბით  მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესის დასრულებაა, რაც, ერთი მხრივ, დაიცავს მესაკუთრეთა უფლებებს, მეორე მხრივ კი, დაეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში.

საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად განხორციელდება.