ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
ეროვნული სანავიგაციო და სამისამართო პროექტის საველე სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს

ეროვნულ სანავიგაციო და სამისამართო მონაცემთა ბაზას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული სოფლების სანავიგაციო და სამისამართო მონაცემები შეემატება.

ამ ეტაპზე საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები ზუგდიდის სოფლებში  ციფრულ ფორმატში სრულად აღწერენ საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა გეოგრაფიულ მონაცემს.  მათ შორის: მისამართებს, სატრანსპორტო ქსელს, ადმინისტრაციულ შენობებს, ასევე  სპორტულ, გასართობ, კვების, კულტურულ, რეკრეაციულ და ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვან სხვა ობიექტებს.

სანავიგაციო მონაცემები მომხმარებელს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს და ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს. 

გამართული სამისამართო სისტემის არსებობა გააუმჯობესებს მოსახლეობისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურების მიწოდებას, როგორიცაა პიროვნებასთან დაკავშირებული სერვისები, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, ფოსტა, სახანძრო, სამართალდაცვითი ღონისძიებები, სასწრაფო დახმარება და სხვა.