ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
ციფრულ ტრანსფორმაციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე საჯარო რეესტრის პროექტები განიხილეს

საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს წარმომადგენლებმა სერბეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „განვითარება ციფრული ტრანსფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორები მდგრადი მომავლისათვის“  მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნების დელეგატები,  დარგის სპეციალისტები და ექსპერტები  ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ საუკეთესო მაგალითებს განიხილავდნენ.

კონფერენციაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთერთობის სამსახურის უფროსი მარი ხარძიანი და პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მარიამ ტურაშვილი წარმოადგენდნენ.

მარიამ ტურაშვილმა კონფერენციის თემატურ სესიაში მოხსენებით „ბლოკჩეინი მთავრობებისთვის - კონცეფციიდან რეალობამდე“ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება განიხილა და პროექტის მიმდინარეობისა და გეგმების შესახებ დეტალურად ისაუბრა. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ქსელს უძრავი ქონების რეგისტრაციისას იყენებს. ბლოკჩეინის ინოვაციური ტექნოლოგია სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს  ხდის.  

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა გეოსივრცით მონაცემებთან და ინფორმაციის ინტეგრირებულ სტრუქტურის (IGIF) დანერგვასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმიანობები წარადგინა და სამომავლო გეგმები განიხილა. IGIF-ით გათვალისწინებული საქმიანობების შედეგები მნიშვნელოვანია ქვეყანაში გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ეფექტური სისტემის დასანერგად და ამ მიზნით დონორი ორგანიზაციების დაფინანსების მოზიდვის კუთხით. აღნიშნულ საქმიანობას მხარს უჭერს გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის კომიტეტი, მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციები.

კონფერენციაზე მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს „ჭკვიანი ქალაქების“ (smart cities) კონცეფციის დანერგვასა და მასთან დაკავშირებულ მონაცემთა ანალიზის, სმარტ ტექნოლოგიების გამოყენებისა  და კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.

ღონისძიებაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ევროკავშირის დირექტივის, INSPIRE-ის დანერგვის მნიშვნელობას. INSPIRE დირექტივა გეოინფორმაციული სფეროს, საკანონმდებლო ბაზისა და ადმინისტრაციული საკითხების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.

საერთაშორისო კონფერენცია ევროკომისიის კვლევის ცენტრის, FAO-ს, მსოფლიო ბანკის, სერბეთის სამთავრობო უწყებებისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების ორგანიზებით, 18-20. სექტემბერს, სერბეთში, ვრდნიკში  გაიმართა. მასში  სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ მსოფლიოს ოცზე მეტი ქვეყნიდან.