ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
„რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს პროექტის „რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები განიხილეს.  ასევე  პროექტის მიღწეულ შედეგებზე და  სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. 

სამუშაო შეხვედრაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ივანე ცარციძე, ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს საერთაშორისო სერვისების დირექტორი კორე შურშაიდე, პროექტის მენეჯერი ელენა ბუში,  ნორვეგიის საგარეო საქმეთა წარმომადგენელი  შერსტინ აგნეტა ვალბერგი  მონაწილეობდნენ.   ნორვეგიელ სტუმრებს საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა სააგენტოს საქმიანობის,  ელექტრონული სერვისებისა  და მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ხოლო სააგენტოს პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის სამუშაო კომპონენტის ხელმძღვანელმა გალაქტიონ ხახუბიამ საქართველოში კარტოგრაფიის სფეროს განვითარების მიმართულებით ნორვეგიული პროექტის  მხარდაჭერის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის“  ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან თანამშრომლობით მიმდინარე მეორე პროექტია და საქართველოს ტერიტორიის 40000 კვ.კილომეტრისთვის  ციფრული, საბაზისო (ვექტორული) რუკების შექმნას ითვალისიწინებს.  პროექტით მიღებული საბაზისო გეოგრაფიული მონაცემების გამოყენებას შეძლებს როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ისე, სხვადასხვა  სახელმწიფო უწყება, კომპეტენციის ფარგლებში,   მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის, რისკების შესაფასებლად და სამართავად,  ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად  და სხვა მიმართულებებით.  პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია  სახელმწიფო უწყებებისთვის გეოგრაფიული მონაცემების სწრაფი ელექტრონული სერვისის მეშვეობით უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრის შესაძლებლობების განვითარება, საჯარო რეესტრსა და ნორვეგიული მხარის მიერ რეგიონის სხვა ქვეყნებში დაფინანსებული პროექტების პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და სხვა აქტივობები.

 პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს  დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 25 550 000 ნორვეგიული კრონია (NOK).