Phone
შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი
  • საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი

უძრავ ნივთებზე ყადაღის რეგისტრაციის ფუნქცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  2005 წელს გადმოეცა. მანამდე ეს ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატას, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროსა და მიწის მართვის დეპარტამენტს შორის იყო გაბნეული. იმ პერიოდში ცნობის მოქმედების ვადა მხოლოდ 5 დღეს შეადგენდა, 2007 წლამდე კი უძრავი ქონების შესახებ მომზადებული ამონაწერი ინფორმაციას ყადაღის არსებობა/არასებობის შესახებ არ შეიცავდა.

2007 წელს  „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონმა ყადაღის რეესტრის წარმოების პირობები განსაზღვრა. 2008-2009 წლებში კი საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრის წარმოების წესი ქაღალდის ჟურნალებიდან ერთიანი, ელექტრონული  მონაცემთა ბაზით შეიცვალა. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ჩატარებულმა რეფორმამ არსებული სურათი ძირეულად შეცვალა: რეგისტრაციის პროცესი დაიხვეწა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გამარტივდა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ცნობის მომზადების დრო შემცირდა, ცნობის გამოთხოვა კი ვებგვერდზე, ელექტრონულად გახდა შესაძლებელი.

2011 წელს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შეწყვეტის სარეგისტრაციო მომსახურების   საფასური გაუქმდა. 2010-2013 წლებში კი ყადაღის საგნის მესაკუთრეთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დადგენა და მონაცემთა ბაზის კორექტირება სასამართლოსთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა, რამაც მოსახელე-მოგვარე და ერთი და იმავე სახელწოდების მქონე იურიდიულ პირებთან მიმართებაში არსებული გაუგებრობები მოაგვარა.

2013 წელიდან ყადაღის რეგისტრაცია ცენტრალიზებულად ხორციელდება, რამაც ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პრაქტიკის დამკვიდრებას, ადამიანური რესურსების რაციონალური განაწილებასა და რეესტრის წარმოების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.  საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის პროცესის კიდევ უფრო გამარტივებისა და ეფექტიანობის ზრდისთვის სამუშაო პროცესი გრძელდება. განვითარების მომდევნო ეტაპად - სასამართლოსთან ელექტრონული კავშირის აწყობა განიხილება, რაც სისტემას კიდევ  უფრო მოქნილს გახდის. 

  • საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრის ისტორია 2002 წლიდან იწყება, როდესაც საგადასახადო ორგანოს, რეგისტრაციის მიზნით მიწის მართვის დეპარტამენტისთვის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაგზავნა დაევალა. 2004 წლიდან კი ამ უფლების აღრიცხვა ფუნქციურად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა.

თავდაპირველად რეგისტრაციის მექანიზმი მოუწესრიგებელი და არაეფექტური იყო, აღრიცხული ინფორმაცია კი - არასაიმედო და თითქმის ხელმიუწვდომელი. არასრულყოფილი მონაცემეთა ბაზა უარყოფით გავლენას ახდენდა უძრავ ქონებაზე უფლებების რეგისტრაციის პროცესზეც. უძრავი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამონაწერში არ ფიქსირდებოდა. საინფორმაციო წერილის მისაღებად, მოქალაქეებს გრძელ რიგებში დგომა და დამატებითი თანხების გაღება უწევდათ.

2007 წლიდან  საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრის წარმოების წესი კანონით დარეგულირდა. 2008 წლიდან კი რეესტრის წარმოების პროცესი ძირეულად შეიცვალა - დაინერგა ერთიანი, ცენტრალიზებული ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფა. ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში თავი მოიყარა 64 ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დამოუკიდებლად წარმოებულ, ქაღალდის ჟურნალებში აღრიცხულმა ინფორმაციამ. რადიკალურმა გარდატეხამ სისტემის ოპტიმიზაცია, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა უზრუნველჰყო, გასწორდა ათი ათასობით ხარვეზიანი ჩანაწერი, რომელიც სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობას აფერხებდა და მომხმარებელთა უკმაყოფილებას იწვევდა. 2010 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის მონაცემთა ელექტრონული გაცვლა დაიწყო. რეგისტრაციის პროცესი სრულად ავტომატიზირებული, მოქნილი და ეფექტიანი გახადა.

ამჟამად საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრის მონაცემთა ბაზა   სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია, რეგისტრირებული ინფორმაციის გადამოწმება  საფასურის გარეშეა შესაძლებელი. სისტემის გაუმჯობესებისკენ მიმართულ საქმიანობას კი ხარისხის კონტროლის მექანიზმის ამოქმედება წარმოადგენს. პროექტის მთავარი მიზანი რეგისტრირებული ინფორმაციის სიზუსტის მაქსიმალური უზრუნველყოფა და მაღალხარისხიანი მონაცემთა ბაზის წარმოებაა.