ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში 600 000 განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, გამარტივებული და ხელმისაწვდომი სარეგისტრაციო პროცედურებით 600 000 განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა.

რეფორმის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მიერ აზომვითი ნახაზისა და განცხადების წარმოდგენის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საჭირო ყველა მომსახურებას უფასოდ ახორციელებს.

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში,  მოქალაქეებისთვის  უფასოა შემდეგი სერვისები: საჯარო რეესტრის მიერ მოქალაქის ინტერესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.

რეგისტრაციისთვსის საჭირო სერვისების მიღებაში საჯარო რეესტრი მოქალაქეებს პროაქტიულად ეხმარება. ამ ეტაპზე, საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში საჯარო რეესტრიდან 26 ათასზე მეტი განცხადებაა გაგზავნილი, 60 000-მდე  განცხადებაზე საჯარო რეესტრი მოქალაქის ნაცვლად უფლებისდამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში თავად იძიებს. ასევე სადავო მიწის ნაკვეთებზე ნოტარიუსთან უფასო მედიაციას საჯარო რეესტრი მოქალაქეებს თავად უნიშნავს, რის შედეგადაც 1400-ზე მეტი კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა.

კანონი  მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ, რომელმაც მიწის რეგისტრაცია გაამარტივა და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადა,   2016  წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა და   2019 წლის 1 ივლისამდე გრძელდება. მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.