ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
სოფელ ვედიდკარში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ტექნიკური სამუშაოები დაიწყო

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში საველე ტექნიკური სამუშაოები დაიწყო.   

სოფელ ვედიდკარის საპილოტო არეალზე  პროექტის საველე ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში  3500 მდე მიწის ნაკვეთი აიზომება, მომზადდება მიწის ნაკვეთების აზომვითი/აგეგმვითი ნახაზები, მოხდება  მიწის ნაკვეთებზე ინფორმაციის მოძიება საკუთრების უფლების რეგისტრაციის მქონე პირებისა და  უფლების დამდგენი დოკუმენტაციის შესახებ, ასევე  დაინტერესებულ პირები  მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილზევე მიიღებენ შესაბამის კონსულტაციას. სოფელ ვედიდკარში ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდგომ მოძიებული ინფორმაცია  სამართლებრივად დამუშავდება. 

საველე ტექნიკურ სამუშაოებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კერძო კომპანიის ს.ს ინფოლენდ ჯორჯიას მეშვეობით ახორციელებს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი ვედიდკარი ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი ხორციელდება.  

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი  მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე,  მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა;  მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის  თუ  სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ,  ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.