ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრის გეოსივრცითი ინფორმაციის მართვისა და განვითარების გამოცდილებას „ევროგრაფიკსის“ გენერალური ასამბლეის წევრები გაეცნენ

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საერთაშორისო ასოციაციის  „ევროგეოგრაფიკსის“ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარი ხარძიანმა ასამბლეის მონაწილეებს გეოსივრცითი ინფორმაციის მართვისა და განვითარების მიმართულებით საჯარო რეესტრის გამოცდილება გაუზიარა.  ღონისძიებაზე მან  საჯარო რეესტრში კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის მიმართულებით განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო საქმიანობებზე ისაუბრა.  

წლევანდელი ასამბლეა პრაღაში გაიმართა და მასში ასოციაციის 51 წევრი ორგანიზაციის 144 წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2010 წლის 1 ივნისიდან არის საერთაშორისო ასოციაციის „ევროგეოგრაფიკსი“ წევრი. მასში გაერთიანებულია 46 ქვეყნის  კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის  63 ეროვნული  ორგანო. „ევროგეოგრაფიკსს“  მჭიდრო ურთიერთობა აქვს ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან და დიდი წვლილი შეაქვს ევროკავშირის მნიშვნელოვანი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებაში. საქართველო, წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახით, 2011 წლიდან მონაწილეობს „ევროგეოგრაფიკსის“  პროექტებში (EuroGlobalMap,  EuroRegionalMap). მის პროექტებსა და ღონისძიებებში ჩართულობა საშუალებას იძლევა განვითარდეს საჯარო რეესტრის რესურსი გეოინფორმაციულ სფეროში, მოხდეს ევროპული ქვეყნების წამყვანი ექსპერტებისაგან ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილების მიღება. 

„ევროგეოგრაფიკსის“ გენერალური ასამბლეა წარმოადგენს ასოციაციის მთავარ ღონისძიებას, სადაც განიხილება მნიშვნელოვანი საკითხები გეოსივრცითი ინფორმაციის მიმართულებით, მტკიცდება ორგანიზაციის საოპერაციო გეგმა და ბიუჯეტი. ასამბლეა ასევე მნიშვნელოვანია წევრი ქვეყნების კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოთა  გამოცდილების გაზიარების, საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების გაცნობის და ახალი ტენდენციების განსაზღვრის კუთხით.