ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
გარემოსდაცვითი პროექტები

დარგე ხე იმიტომ, რომ...

ბუნებრივი გარემოს დაცვა და განახლება ყველა პროგრესული ორგანიზაციის პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ გამწვანების აქციებში და ცდილობენ, საკუთარი წვლილი შეეტანონ ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნებაში.  

პარალელურად, ისინი ჩართულები არიან სამთავრობო პროექტში  „მწვანე მომავალი“, რომელიც გასამწვანებელი ადგილების აღწერას, გადაშენების პირას მყოფი ჯიშების ნერგების გამოყვანასა და გამწვანების ზოლში მათ გამრავლებას გულისხმობს.  

ამას გარდა, უწყება უერთდება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე მასშტაბურ მსოფლიო აქციას „დედამიწის საათი“.  ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დედამიწის საათის აღსანიშნავად,  64 ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში ერთი საათით ელექტროენერგია ირთვება. ამ ჟესტით სააგენტოს თანამშრომლები დედამიწის მიმართ თანადგომას გამოხატავენ. აღსანიშნავია, რომ რეესტრელები ამ აქტივობაში საკუთარ შვილებსაც რთავენ და სხვადასხვა ინიციატივებით გარემოსდაცვით საკითხებში პატარების ცნობიერების ამაღლებას ცდილობენ. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა სწორედ დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა იყო, სადაც სააგენტოს თანნამშრომლების შვილებმა გარემოს დაცვის თემაზე შექმნილი ნამუშევრები წარადგინეს. ღონისძიების პატარა მონაწილეებმა საჩუქრად ის წიგნები მიიღეს, რომლებიც პროექტის - „გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე“ ფარგლებში, სააგენტომ  ნარჩენი ქაღალდის ჩაბარების სანაცვლოდ მიიღო.  

 

დედამიწის საათი

25 მარტს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათს" შეუერთდა. აქციის აღსანიშნავად, სააგენტომ ზუსტად 20:30 საათზე, სიმბოლურად, ყველა ტერიტორიულ სამსახურში ერთი საათით ელექტროენერგია გამორთო. ელექტროენერგიის გამორთვით სააგენტოს თანამშრომლებმა დედამიწის მიმართ თანადგომა გამოხატეს და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე მასშტაბურ მსოფლიო აქციას შეუერთდნენ.

საქართველოში აქცია ,,დედამიწის საათი 2017''-ის ორგანიზატორი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროა. დედამიწის სიმბოლური ერთი საათის აღსანიშნავად საქართველოს დიდ ქალაქებში ერთი საათით ჩაბნელდა საკვანძო შენობები და საჯარო ადგილები.

“დედამიწის საათი" არის გლობალური აქცია, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. წელს საქართველო მეათედ აღნიშნავს "დედამიწის საათს". მასობრივი კამპანია აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესსექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამთავრობო უწყებებს, სტუდენტებსა და მოქალაქეებს. „დედამიწის საათს "მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანა და ასობით მილიონი ადამიანი შეუერთდა.

 

დედამიწის დღე

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 22 აპრილი - დედამიწის დღე ტრადიციული გამოფენით აღნიშნა. გამოფენა, რომელზეც სააგენტოს თანამშრომელთა შვილების ნახატები იყო წარმოდგენილი, თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა.

პატარებმა სპეციალურად ამ თარიღისთვის გარემოს დაცვის თემატიკაზე ნამუშევრები საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნეს. ღონისძიების მონაწილეებს სტუმრად კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი კახა რუხაია ესტუმრა და ბუნების მოვლის მნიშვნელობასა და დაცვაზე ესაუბრა. კახა რუხაიამ ბავშვების შეკითხვებს უპასუხა და მათ საინტერესო რჩევებიც მისცა.

დედამიწის დღეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად აღნიშნავს. გამოფენა-აქციის მიზანი გარემოზე ზრუნვასთან დაკავშირებით პატარების ცნობიერების ამაღლებაა.

„გარემოსდაცვით ღონისძიებებში ყოველთვის ენთუზიაზმით ვერთვებით, თუმცა ეს გამოფენა რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, მუდამ გამორჩეულია. ამ აქციით გვინდა, ბავშვებს უფრო თვალნათლივ ვაჩვენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედამიწაზე ზრუნვა და ბავშვობიდანვე ჩავრთოთ ისინი გარემოსდაცვით  აქტივობებში“ - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

ღონისძიებაში 4-დან 10 წლამდე ასაკის 35-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მათი ნახატები Facebook-ზე, სააგენტოს ოფიციალურ გვერდზეც აიტვირთა. გამოფენის ბოლოს პატარა მონაწილეებს სპეციალურ სიგელებთან ერთად საჩუქრად ის წიგნებიც გადაეცათ, რომლებიც, „მედია პალიტრის“ პროექტის - „გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე“ ფარგლებში, სააგენტოს თანამშორმლებმა ნარჩენი ქაღალდის ჩაბარების სანაცვლოდ მიიღეს.

დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა. ყოველი წლის 22 აპრილს, ამ თარიღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია ერთვება.