ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრისა და ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს თანამშრომლობა გრძელდება

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს  თანამშრომლობა გრძელდება.  ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი: „რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის“ უახლესი აერო გადაღების მასალების გამოყენებით ციფრული კარტოგრაფიული მასალის - ხაზობრივი რუკის შექმნას ითვალისწინებს.

პროექტით მიღებული საბაზისო გეოგრაფიული მონაცემების გამოყენებას შეძლებს როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ისე, კომპეტენციის ფარგლებში,   სხვადასხვა  სახელმწიფო უწყება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის, სიტუაციების შესაფასებლად და  სამართავად.

პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის სპეციალისტებისა და ნორვეგიელი ექსპერტების მიერ ერთობლივად  შექმნილი ტექნიკური სპეციფიკაციის შესაბამისად, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს.

ნორვეგიულ მხარესთან საჯარო რეესტრის თანამშრომლობის საწყის ეტაპზე პროექტის „რუკები მიწის მდგრადი განვითარებისთვის – საქართველოს ორთოფოტო“ ფარგლებში (2015-2017 წწ.)  ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილის აეროგადაღება განხორციელდა და 40 000 კვადრატული კილომეტრი 20 სანტიმეტრიანი პიქსელის ზომის ციფრული აერო სურათებით დაიფარა. აეროგადაღების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავებით  კი ციფრული სიმაღლური  მოდელი (DTM) და მაღალი ხარისხის ორთოფოტო გეგმები შეიქმნა.