ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილება მიღებულია და უკვე გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნეში“.  https://matsne.gov.ge/ka/document/view/4237286

მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომლის შესაბამისად მიწის რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდა და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა, 2016  წლის 1 აგვისტოდან შევიდა ძალაში. რეფორმის ამოქმედებიდან დღემდე  495 900-ზე მეტი განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა. (მუდმივად განახლებადი მონაცემები განთავსებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე https://napr.gov.ge/chart )

საჯარო რეესტრი დაინტერესებული პირის მიერ აზომვითი ნახაზის და განცხადების წარმოდგენის შემდეგ, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საჭირო ყველა მომსახურებას უფასოდ ახორციელებს.  მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში,  დაინტერესებული პირებისათვის   უფასოდ ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები: საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება. მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. 

რეფორმის წარმატებულობაზე, გარდა წარმატებით დასრულებული რეგისტრაციებისა მეტყველებს, ასევე, მოქალაქეთა მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი, რაც რეფორმის რეფორმის ამოქმედების შემდეგ საშუალოდ 5-ჯერ გაიზარდა.  

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული პროცედურების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები იუსტიციის მინისტრის ინიციატივითა და მონაწილეობით ჯერ კიდევ 2016 წლის ივნისში, რეფორმის ამოქმედებამდე დაიწყო. იუსტიციის მინისტრისა  და საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობის  საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან   გაგრძელდა კანონის ძალაში შესვლის შემდეგაც,  მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალაქებსა და სოფლებში 300-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა და ყველა რეგიონი მოიცვა.

გარდა საინფორმაციო შეხვედრებისა, ორ ეტაპად დაიბეჭდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა შესაბამისი საინფორმაციო ბროშურები როგორც ქართულ, ისე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. საჯარო რეესტრის ოფისებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივი ცენტრებში, ყველა შენობაში, სადაც საჯარო რეესტრის წარმომადგენელი ემსახურება მოქალაქეებს, სპეციალურ სტენდებზე განთავსდა საინფორმაციო ბროშურები, ასევე საინფორმაციო პლაკატი აზომვითი ნახაზის  შესრულების შესახებ. 

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ რეგიონებში საინფორმაციო ბროშურები დაიბეჭდა და გავრცელდა შესაბამის ენებზე. ამდენად, საჯარო რეესტრის ოფისებში, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივი ცენტრებში და ყველა იმ შენობაში, სადაც საჯარო რეესტრის წარმომადგენელი მომსახურებას უწევს მოქალაქეებს, უზრუნველყოფილ იქნა მათთვის საჭირო ყველა ინფორმაციის მიწოდება მიწის რეგისტრაციის რეფორმის თაობაზე.

მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, ასევე, დამზადდა გრაფიკული ვიდეორგოლები სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ. აღნიშნული ვიდეორგოლები გავრცელდა როგორც ცენტრალური და რეგიონული მედიასაშუალებებით, ისე სოციალური ქსელით.