Phone
consultation hotline
სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 900-მდე თანამშრომელი „სოლიდარობის ფონდში“ ყოველთვიურად თანხას საკუთარი ხელფასიდან რიცხავს. 2014 წელს ამ თანხამ 11 055 ლარი შეადგინა, 2015  წელს 22 799 ლარი, 2016 წელს კი 22 203 ლარი. 2014 წლიდან დღემდე კი სააგენტოს თანამშრომლების მიერ ფონდში 72 734 ლარია შეტანილი.

„სოლიდარობის ფონდი“ მთავრობის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა. იგი მიზნად საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს გაერთიანებას ისახავს. ამ გაერთიანებამ, დაფინანსების ეფექტური და ინოვაციური მექანიზმის ამოქმედებით, სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის მქონე ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული რესურსების მობილიზება და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა უნდა მოახდინოს. აქციაში ჩართვა ნებაყოფლობითია.

„საჯარო რეესტრის თანამშრომლები მთავრობის ამ ინიციატივას პირველივე დღიდან აქტიურად გამოეხმაურნენ.

„სოლიდარობის ფონდის“ შექმნამდე პაციენტების დასახმარებლად ფონდებს არასამთავრობო ორგანიზაციები ან პაციენტების ოჯახები და მეგობრები თავად ქმნიდნენ. ახლა კი უკვე არსებობს პლატფორმა, რომელიც თანხების მობილიზაციას და ბენეფიციარების დახმარებას სისტემატურად ახდენს.

აღსანიშნავია, რომ „სოლიდარობის ფონდის“ 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე ფონდის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის სპეციალური ჯილდო იუსტიციის სამინისტრომ მიიღო, ხოლო საქვეუწყებო ორგანიზაციებს შორის, ფონდში ყოველთვიურად განხორციელებული დონაციის მაღალი მოცულობისთვის, სოლიდარობის ჯილდო და მადლობის სერტიფიკატი საჯარო რეესტრის თანამშრომლებს გადაეცა. „სოლიდარობის ფონდის“ ფუნქციონირებაში საკუთარი წვლილის შეტანას საჯარო რეესტრი მომავალშიც სისტემატურად გააგრძელებს.