Phone
consultation hotline
მძიმედდაავადებულ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მხარდაჭერა

ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები სტუმრად პანსიონში

ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები  ქუთაისის N45 საჯარო სკოლა პანსიონის აღსაზრდელებს ესტუმრნენ და  აქცია „მწვანე ყუთის“ ფარგლებში შეგროვილი ქაღალდის ნარჩენის ჩაბარების შედეგად მიღებული წიგნები, საჭირო ნივთები, ტკბილეული და სათამაშოები საჩუქრად გადასცეს.  

 

 

 

სტუმრად ბედიანის ბავშვთა სახლში

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები  ბედიანის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და აღსაზრდელებს წინასაახალწლოდ საჩუქრები გადასცეს.

ბედიანის ბავშვთა სარეაბლიტაციო ცენტრში 15 უდედმამო ბავშვი იზრდება, რომელთა ასაკი 2-დან 18 წლამდეა. წერილებში, რომლებიც თოვლის ბაბუას მისწერეს, ისინი სხვადასხვა სურვილის ასრულებას ითხოვდნენ. სააგენტოს თანამშრომლებმა ეს წერილები გადაინაწილეს და ბავშვების ყველა ნატვრის ასრულება შეძლეს. აქციაში ყველა სამსახური აქტიურად იყო ჩართული.

ცენტრის აღსაზრდელებმა სააგენტოს თანამშრომლებისგან საჩუქრად ლეპტოპები, პლანშეტური კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, ლეკვი, სათამაშოები, ველოსიპედები, ტანსაცმელები და სხვა ნივთები მიიღეს.  ამას გარდა, ბავშვებს ის წიგნებიც გადაეცათ, რომლებიც სააგენტოს თანამშრომლებმა ნარჩენი ქაღალდის ჩაბარების შედეგად შეაგროვეს. რეესტრელებმა ბედიანის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში ანიმატორები, თოვლის ბაბუა და ფიფქიაც წაიყვანეს, რომლებმაც პატარებისთვის წინასაახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნეს.

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თითოეული თანამშრომლისთვის სოციალური პასუხისმგებლობა და მსგავს აქციებში ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ჩვენ სისტემატურად ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს, რომლებიც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას უწყობს ხელს“,- აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

ბედიანის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებთან ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება და პერიოდულად მათთან ერთად საგანმანათლებლო თუ სპორტული აქტივობები  დაიგეგმება.

ბზობის დღესასწაული ძეგვის ბავშვთა სახლში

სააგენტოს თანამშრომლებისთვის მძიმედდაავადებული, შშმ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარება ერთგვარ ტრადიციადაა ქცეული. ისინი მსგავს აქციებში ყოველთვის ენთუზიაზმით ერთვებიან და ძალისხმევას არ იშურებენ მათ მხარდასაჭერად. სააგენტოს თანამშრომლები  პერიოდულად აგროვებენ ტანსაცმელს, საჭირო ნივთებს, წიგნებს, აბარებენ სისხლს, აგროვებენ  ფულად თანხებს შესაბამის ფონდში და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაავადების დაძლევაში ეხმარებიან.  ამას გარდა, ხშირად სტუმრობენ მათ,  საჩუქრებს გადასცემენ და თუნდაც ერთ დღეს ულამაზებენ.  შშმ ბავშვების მხარდაჭერის მიზნით სააგენტო აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებშიც: მართავს თეატრალიზებულ სანახაობებსა და გამოფენა-გაყიდვებს. აქციებიდან შემოსული თანხას კი შშმ ბავშვებს ურიცხავს.  საჯარო რეესტრის სააგენტო სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განსაკუთრებულ ყურადღებას მზრუნველობამოკლებულ მოზარდებსაც უთმობს. უწყება სისტემატურად მასპინძლობს მათ და სააგენტოს მუშაობის პროცესს აცნობს.  ამ ვიზიტების მიზანი საზოგადოების ერთ-ერთი განასკუთრებულად მოწყვლადი ჯფუფისთვის პროფესიული განვითარების და წარმატების მიღწევის სტიმულირება, მოტივაციის ამაღლება და სოციალური ინტეგრაციაა.   

  

წერილები თოვლის ბაბუას

28 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და თანამშრომლები სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრნენ და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. საახალწლო წერილებში ბერი ანდრიას სახელობის ფონდში აღრიცხული ბავშვები თოვლის ბაბუას სხვადასხვა საჩუქრებს სთხოვდნენ: თოჯინებს, ლეკვს, ძაღლის სახლს, კარაოკეს, ფოტოაპარატს, მობილურ ტელეფონებს, კომპიუტერებს, ველოსიპედებს და ა.შ. საჯარო რეესტრის ,,თოვლის ბაბუებმა“ მათი სურვილების ასრულება შეძლეს, პატარებს საჩუქრებით, ტკბილეულით, წიგნებით ხელდამშვენებული ეწვივნენ და ისინი გაამხიარულეს. საჩუქრებიდან პატარების განსაკუთრებული მოწონება ლაბრადორის ჯიშის ლეკვმა დაიმსახურა. როგორც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, ,,ვაცნობიერებთ სოციალურ პასუხისმგებლობას იმ ბავშვთა მიმართ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ყურადღება. ჩვენთვის ერთგვარ ტრადიციადაც კი იქცა მათი დახმარება. სააგენტოს თანამშრომლები ამჯერადაც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ამ აქციაში და ძალისხმევა არ დაიშურეს, ბავშვებისთვის წინასაახალწლოდ ერთი ლამაზი, ნათელი დღე გვეჩუქებინა.“ ბერი ანდრიას სახელობის ფონდი სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვებისადმი ყოველდღიურ, აუცილებელ მზრუნველობას იჩენს. გადარიცხული თუ შეწირული თანხების ფარგლებში, მათ აუცილებელ გამოკვლევებს უტარებს, მკურნალობა - რეაბილიტაციისათვის აუცილებელ პრეპარატებს ყიდულობს, დღესასწაულებს უწყობს.

 

 ჩვენ ერთი სახლი გვაქვს

2012 წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აქტიურად მონაწილეობდა იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ აქციაში „ჩვენ ერთი სახლი გვაქვს“, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად გაიმართა. აქციის ფარგლებში მოეწყო თეატრალიზებული სანახაობა, გამოფენა-გაყიდვა, რომელზეც გამოტანილი იყო საგამომცემლო სახლ ,,ელფის“ წიგნები, საზოგადოებისათვის ცნობილი პირების პირადი ნივთები, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სპეციალურად საქველმოქმედო აქციისათვის დამზადებული ტკბილეული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ხელნაკეთი ნივთები. ბავშვებს კოალიცია ,,ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება, სათბურში გამოყვანილი ოთახის ყვავილები“ მფარველობს. საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა გადაეცა კოალიციას ,,ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“და სათბურის მოწყობას მოხმარდა.

 

ერთი დღე საჯარო რეესტრში

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების დაცვისა და ანტიკორუფციული კავშირის“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 15-მა რუსთაველმა მზრუნველობამოკლებულმა მოზარდმა სააგენტოში ერთი სამუშაო დღე გაატარა. სტუმრობის მიზანი მზრუნველობამოკლებული მოზარდების სოციალური ინტეგრაცია, მათი მოტივაციის ამაღლება და პროფესიული განვითარების სტიმულირება იყო. საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა მოზარდებს სამსახურის ფუნქციები, მუშაობის სპეციფიკა გააცნეს, სამუშაო პროცესთან და მუშაობის პრინციპებთან დაკავშირებით მათ შეკითხვებს უპასუხეს. მოზარდებმა ტექნიკური ინფრასტრუქტურა, სკანირების ცენტრი, ელექტრონული და ქაღალდის არქივები დაათვალიერეს.