Phone
consultation hotline
შესაძლებლობები შეუზღუდავია - შშმ პირების დასაქმების პროგრამა

2008 წელს საჯარო რეესტრის სააგენტომ სახელმწიფო უწყებებს შორის  პირველმა წამოიწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების პროექტი და საკუთარ სისტემაში შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანები დაასაქმა. ინიციატივამ წარმატებული პრეცედენტი შექმნა: შშმ პირებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციისა და საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება მიეცათ.  

ცნობილია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შეზღუდული შესაძლებლობები მინიმუმამდე მცირდება. განვითარებულ ქვეყნებში IT ის ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც ამ ადამიანებს წარმატებულ სოციალიზაციასა და თვითრეალიზაციაში ეხმარება. საჯარო რეესტრის სააგენტოს ინიციატივას საფუძვლად სწორედ ეს ფაქტი დაედო: მას შემდეგ, რაც უწყებაში ტექნოლოგიური რეფორმა განხორციელდა და ელექტრონული საქმისწარმოება დაინერგა, რეგისტრაციის პროცესმა ინტერნეტში გადაინაცვლა. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა გარკვეული სამუშაოს დისტანციურად შესრულება და იმ ადამიანების დასაქმება, რომლებსაც სათანადო განათლება ჰქონდათ, მაგრამ გადაადგილება უჭირდათ. 

დღეს საჯარო რეესტრის სააგენტოში 16 შშმ პირი მუშაობს და მოქალაქეებს კვალიფიციურ მომსახურებას უწევს. სააგენტო მუდმივად ცდილობს შშმ თანამშრომლებს თანაბარი სამუშაო პირობები შეუქმნას: ყველა მათგანს სპეციალური სასწავლო კურსი აქვს გავლილი, აღჭურვილია კომპიუტერული და საოფისე ტექნიკით, სამუშაო პირობები საცხოვრებელ ადგილზევე აქვს შექმნილი და სამსახურეობრივი ფუნქციების სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად შესრულება შეუძლია. ამავდროულად, იუსტიციის სახლებისა და საჯარო რეესტრის ოფისების ადაპტირებული გარემო - ავტოსადგომები, პანდუსები და ა.შ. მათ საშუალებას აძლევს, დაკისრებული უფლება-მოვალეობები სურვილის შემთხვევაში, სამსახურში შეასრულონ. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობს, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა მიმართ მზრუნველობა გამოიჩინოს. სპეციალურად მათთვის სამინისტროს სამსახურებში ფუნქციონირებს დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე მუშაობს 30–მდე შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის მქონე პირი. იუსტიციის სახლებისა და სამინისტროს ადმინისტრაციული შენობები მაქსიმალურადაა მორგებული მათ საჭირობებს; შენობებში გადაადგილება, მუშაობა თუ სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობა შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ.