ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრის პარაოლიმპიელმა თანამშრომელმა იაგო გორგოძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იაგო გორგოძე: არც თუ ისე იმედიანად ვიყავი განწყობილი, მაგრამ საჯარო რეესტრმა მომცა შესაძლებლობა, აქ მემუშავა და მე მომწონს  ჩემი საქმე

ქართველი პარაოლიმპიელი იაგო გორგოძე დუბაიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა - მან გასულ კვირაში გამართულ, powerlifting-ის მსოფლიო თასის გათამაშებაზე მესამე საპრიზო ადგილი აიღო. იაგო წოლჭიმის ანუ  powerlifting-ის ევროპის რეიტინგში მის წონით კატეგორიაში მესამეა, მსოფლიოში კი ოცეულში შედის.

- საკმაოდ მაღალი კონკურენცია და დაძაბული დაპირისპირება იყო, თუმცა, მომზადებული  ჩავედი ამ ძალიან მნიშვნელოვან ასპარეზობაზე და ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე, - ამბობს პირველი ქართველი პარაოლიმპიელი, 2008 წლის პეკინის პარაოლიმპიური თამაშების მონაწილე იაგო გორგოძე.

იაგო  სამი წელია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის თანამშრომელია.

„სამსახური მაძლევს შესაძლებლობას,  თავისუფალი გრაფიკით ვიმუშაო და კვირაში ერთ სამუშაო დღეს ვისვენებ, რომელსაც ვიყენებ ვარჯიშისთვის.“

სამსახურიდან პირდაპირ ვარჯიშზე მიდის.  კვირაში სამჯერ, სამი საათის განმავლობაში ვარჯიშობს.

- ამ სახეობაში საქართველოში ხუთი მამაკაცი ვვარჯიშობთ, ასევე ვარჯიშობს ერთი გოგონაც. ეს გოგონაც იმყოფებოდა დუბაიში შეჯიბრზე. ქალებსაც ძალიან კარგი შედეგები აქვთ. ეს სპორტის საკმაოდ რთული სახეობაა - მკაცრი წესებით, სტანდარტებითა და უდიდესი კონკურენციით, განსაკუთრებით ძლიერი სპორტსმენები აზიის ქვეყნებიდან არიან. მუდმივად ფორმაში, მობილიზებული უნდა იყო, რომ პოზიციები არ დათმო. 

პოლიციის აკადემიის სტუდენტის ცხოვრება 19 წლის წინ, 22 წლის ასაკში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ შეცვალა. გამოსავლის ძიებაში თითქმის 11 წლით  უკრაინაში გადასახლდა.

- საქართველოში დაბრუნების შემდეგ არც თუ ისე იმედიანად ვიყავი განწყობილი, მაგრამ მოხდა ისე, რომ საჯარო რეესტრმა, სააგენტოს ხელმძღვანელობამ მომცა შესაძლებლობა, აქ მემუშავა. განათლებით ინჟინერ-იურისტი ვარ. აქ მართლა შესანიშნავი კოლექტივია, მომწონს ჩემი საქმე, აქ მხოლოდ თანამშრომლობა კი არა, მეგობრობა გვაკავშირებს. 

სპორტით, ჯანსაღი ცხოვრებით ჯერ კიდევ ავარიამდე იყო დაკავებული, მოყვარულის დონეზე ვარჯიშობდა. ვარჯიში ნელ-ნელა 2004 წლის ბოლოდან განაახლა. ეს არის სპორტის სახეობა - წოლჭიმი, საერთაშორისო ტერმინი powerlifting-ია - დაწოლილ მდგომარეობაში შტანგის აწევა.

- აქტიურად ვმონაწილეობ შეჯიბრებებში. იმ დროისთვის ჯერ კიდევ ყალიბდებოდა პარაოლიმპიელთა ორგანიზაცია, რომელიც ეხლა საკმაოდ ძლიერი და გამართულია. მაშინ რომ ასეთ დონეზე ყოფილიყო ის, მე უფრო მეტი წარმატების მიღწევის შანსი მექნებოდა. პირველად ოლიმპიადაზე 2008 წელს ვიყავი წასული. შემდეგ მცირეხნიანი წყვეტა მქონდა, მაგრამ ეხლა  შეჯიბრებებში აქტიურად ვმონაწილეობ.  გასული წლის დეკემბერშიც მექსიკაში ვიყავი, სადაც გამოსვლაზე  185 კილოგრამის აწევის შემდეგ  გავიუმჯობესე პოზიციები რეიტინგებში და 97 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ევროპის მასშტაბით მესამე, მსოფლიოში კი ოცეულში ვარ.  

ამგვარი შედეგის მიღწევამდე კი იყო სირთულეებით სავსე გზა, რომელიც მხოლოდ ვარჯიშს და სპორტულ ასპარეზობებს არ უკავშირდებოდა. 

- გარემოსთან შეგუება მარტივი არ იყო და პირველ წლებში მაქსიმალურად ვცდილობდი, არ ვყოფილიყავი საქართველოში.  უკრაინაში სპორტით ვიყავი დაკავებული და ვმკურნალობდი, საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობის კურსი გავიარე. მხოლოდ ცოტა ხნით თუ ჩამოვიდოდი აქ - ჩემებს, იმერეთს მოვინახულებდი და ისევ უკან ბრუნდებოდი.  ამჟამად მცირედით საქართველოშიც შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება, მაგრამ სრულად შეცვლას ალბათ დიდი დრო, წლები სჭირდება. თუმცა, ვფიქრობ, თავად ადამიანზე, პიროვნებაზეც, მის გულზე და სულზე, ადამიანების  მიმართ მის მიდგომაზე, მის წარსულზეც  არის დამოკიდებული. მადლობა უფალს, მე გადავლახე ეს სირთულეები.