Phone
consultation hotline
საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა

წარმატებული რეფორმებისა და დონორ ორგანიზაციებთან ეფექტური თანამშრომლობის შედეგად საჯარო რეესტრის სააგენტო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანდა, დაიწყო ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესი.  

ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სხვა სახელმწიფოებისთვის თავად არის მაგალითი და მისი პრაქტიკის გასაცნობად საქართველოში უამრავი დელეგაცია ჩამოდის.  

საჯარო რეესტრის სააგენტო სხვადასხვა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია:

 

სააგენტო დაარსების დღიდან თანამშრომლობს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფთან (UNECE WPLA) და არის ამ ჯგუფის ბიუროს წევრი. მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის მიზანია, ხელი შეუწყოს მიწის (უძრავი ქონების) ადმინისტრირებას გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მფლობელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით, უძრავი ქონების ბაზრის დაფუძნებით, ხოლო განვითარებულ სახელმწიფოებში მიწის რეგისტრაციის სისტემის მოდერნიზაციით. ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონში თანამედროვე მიწის ადმინისტრირების სისტემის თანადგომით, რაც თავის მხრივ პრივატიზაციასა  და ეფექტური უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს. 

  

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2010 წლის 1 ივნისიდან გახდა „Eurogeographics“-ის წევრი. “ევროგეოგრაფიკსში” გაერთიანებულია 43 ქვეყნის  კატროგრაფიისა და კადასტრის 52 ეროვნული  სააგენტო. მისი მიზანია ევროპაში სივრცობრივი მონაცემების ერთიანი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, ევროპის ქვეყნების კარტოგრაფიისა და კადასტრის სააგენტოებს შორის კომუნიკაციის ორგანიზება, როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე ბიზნესის სფეროში მაქსიმალური სარგებლობის უზრუნველყოფა ასოციაციის წევრებს შორის პირდაპირი კონტაქტების მეშვეობით გამოცდილების გაზიარებითა და ექსპერტული რჩევებით. იგი უზრუნველყოფს ეროვნული მიწისა და გეოგრაფიული ინფორმაციის ფუნქციურად თავსებადი საფუძვლების შექმნას.  

სააგენტო 2012 წელს გახდა საერთაშორისო ორგანიზაცია EUPOS-ის (ადგილმდებარეობის განსაზღვრის ევროპული სისტემის) ასოცირებული წევრი. ორგანიზაციის მიზანია უნიფიცირებული, დიფერენცირებული გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემის (DGNSS) ინფრასტრუქტურათა ჩამოყალიბება ევროპის ქვეყნებში. EUPOS-ში გაერთიანებულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 19 ქვეყანა. მათი თანამშრომლობის შედეგად  მიღებული ერთიანი, მრავალფუნქციური DGNSS სარეფერენციო სადგურების ქსელის ტექნიკური შესაძლებლობები გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემების მიზნების ეფექტურად და მოთხოვნების შესაბამისად შესრულების საშუალებას იძლევა და, შესაბამისად, უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის მქონე, სანდო მონაცემების მიწოდებას.  

სააგენტო 2012 წლიდან ევროპის კომერციულ რეესტრთა ფორუმის (ECRF) წევრია. ორგანიზაცია აერთიანებს 32 სუბიექტს ევროპის მასშტაბით.  ფორუმის მიზანია ევროპის ქვეყნების სამეწარმეო რეესტრთა მომსახურების და, ზოგადად,  ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, ტექნიკური და პრაქტიკული პროცედურების, კანონებისა და რეგულაციების გამარტივება&დახვეწა, ბიზნეს რეესტრების თავსებადობის მიღწევა და ევროპაში ერთიანი ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ფორუმის მეშვეობით შესაძლებელია საკონსულტაციო დახმარების მიღება და ევროპის მასშტაბით მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა, ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და სამეწარმეო რეესტრების სიახლეებისა და ძირითადი ტენდენციების შესახებ ინფორმირებულობას.

    

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2013 წლის 1 მაისს გახდა გეოსივრცითი მონაცემების ღია კონსორციუმის (OGC) წევრი. კონსორციუმის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების შემუშავება გეოინფორმაციული სერვისების კუთხით. იგი აერთიანებს 400–ზე მეტ ორგანიზაციას/კომპანიას, სახელმწიფო სააგენტოსა და უნივერსიტეტს, რომლებიც მონაწილეობენ გეოგრაფიული ინფორმაციული მონაცემების დამუშავების სტანდარტების  და მოთხოვნების შემუშავებაში. ეს სტანდარტები და მოთხოვნები ხელს უწყობს სხვადასხვა გეინფორმაციული სისტემების, მობილური კავშირების და ლოკალიზებული მომსახურების (LBS) ერთმანეთთან თავსებადობას, აგრეთვე – ინფორმაციული ტექნოლოგიების გავრცელებას და ეხმარება სისტემების/პროგრამების შემქმნელებს, უზრუნველყონ მომხმარებლისთვის წვდომა კომპლექსურ გეო–სივრცით ინფორმაციასა და მომსახურებაზე.

სააგენტო EULIS–ის (ევროპის მიწის შესახებ საინფორმაციო მომსახურება) ასოცირებული წევრია, რომელიც ევროპის მასშტაბით მიწის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას უყრის თავს. ვებგვერდი www.eulis.eu უზრუნველყოფს მოქალაქეებსა და პროფესიონალებს სხვადასხვა ქვეყნის მიწის რეესტრების შესახებ ინფორმაციით, საკონტაქტო დეტალებით და დამხმარე ვებსაიტთა ბმულებით, სადაც შესაძლებელია შემდგომი ინფორმაციის მოძიება.