Phone
consultation hotline
ციალა ჯალაბაძე: „აქ ჩემი მეორე ოჯახია, 25 წელია, ჩემს საქმეს ვემსახურები“...

საჯარო რეესტრის არქივარიუსი, რომელსაც სხვისი საკუთრების უფლება ომმაც ვერ დაავიწყა... 

შვებულება არ უყვარს... ყველა კონკრეტული საქმე ახსოვს - რომელ თაროზე, რა ზომისა და ფერის საქაღალდეში აქვს შენახული.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურის არქივარიუსი გულიკო ჯალაბაძე 25 წელია, სამაგალითო ერთგულებით ემსახურება საკუთარ საქმეს, მოქალაქეებს, ქვეყანას.

მისთვის არქივის სამსახური დიდი ოჯახია. აქ მასზე ზრუნავენ, მის გამოცდილებას და პროფესიონალიზმს სრულად იაზრებენ და აფასებენ.

  • -  „აქ მართლაც ჩემი მეორე ოჯახია. პატივს მცემენ, როგორც უფროს ადამიანს, ან როგორც ნატანჯს...“ - ამბობს თავად ქალბატონი გულიკო, დევნილი სოფელ თამარაშენიდან.

რატომ „ნატანჯს“?..

შვილებისა და საქმის სიყვარულმა ომის ქარცეცხლში - 2008 წლის 9 აგვისტოს თამარაშენში შეაბრუნა. შებრუნდა და ტყვედაც ჩავარდა - რუსულმა ჯარმა საკუთარი შვილის სახლში დაატყვევა. მანამდე კი მიწის მართვის სამმართველოდან „ზონარგაყრილი წიგნი“ და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები გამოიტანა - წამოიღო, რაც შეძლო ...

ომამდე კი...

ცხოვრობდა და მუშაობდა თამარაშენში, 1993 წლიდან მიწის კადასტრის განყოფილებაში, 1997 წლის მაისიდან მიწის მართვის სამმართველოში, კიდევ უფრო ადრე ცხინვალის ტრიკოტაჟის ფაბრიკაში. (სწორედ მაშინდელმა ნაცნობებმა იხსნეს ტყვეობიდან და სიცოცხლე შეუნარჩუნეს.) თამარაშენი 2008 წლის 8 აგვისტოს დატოვა, მაგრამ არ იცოდა, რა ბედი ეწია ორ ვაჟიშვილს და 9 აგვისტოს სოფელში შებრუნდა. შვილს სახლში მიაკითხა, მაგრამ იქ ჯარისკაცები დაადგნენ თავს.

-  რუსული ჯარი იყო, ეროვნებით ვინ იყვნენ, არ ვიცი. საკუთარი შვილის სახლში დამატყვევეს და ცხინვალისკენ წამიყვანეს. გზად, ჩემდა ბედად, ცხინვალის ტრიკოტაჟის ფაბრიკიდან ჩემი ძველი, ოსი თანამშრომლის შვილები შემოგვხვდნენ. რა თქმა უნდა, მიცნეს, ხელიდან გამომტაცეს რუსულ ჯარს - ეს ქალი ჩვენ მოგვეცითო და თავად წამიყვანეს ცხინვალისკენ. ერთი ოსი ოჯახის ავტოფარეხის ორმოში დამმალეს. აგვისტო იყო, მაგრამ ავტოფარეხის ორმოში ძალიან ციოდა და დიასახლისმა ჟილეტი მომცა, რომ ჩამეცვა. ის ჟილეტი ძალიან გამომადგა. ჩემი მფარველები შიშობდნენ, რუსებს არ ვეპოვე, ამიტომ სარდაფიდან სარდაფში გადავყავდი, ისე მმალავდნენ. ხმა გავრცელებულა, თითქოს, დატყვევების შემდეგ დამწვეს. ოჯახმა არაფერი იცოდა ჩემი ბედისა და ადგილსამყოფელის შესახებ, მათ დაღუპული ვეგონე, მაგრამ ჩემმა ოსმა ნაცნობებმა სიცოცხლე შემინარჩუნეს.“   

მთელი ამ დროის განმავლობაში თან ჰქონდა თამარაშენის მიწის მართვის სამმართველოდან წამოღებული დოკუმენტები. 

„ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვერ წამოვიღე, მაგრამ რასაც მივწვდი, ავიღე. ცხინვალიდან წითელმა ჯვარმა გამომიყვანა. რუსული ჯარი, თითქმის, ყოველ ას მეტრში გვაჩერებდა, გვჩხრეკდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. თამარაშენიდან წამოღებული დოკუმენტები ჩანთაში მქონდა და იმ ჟილეტით ვფარავდი, ცხინვალში ჩემმა მფარველებმა რომ მომცეს. ეს დოკუმენტები შემდეგ საქართველოს სახელმწიფომ ომთან დაკავშირებულ საერთაშორისო სასამართლოებში დავებში გამოიყენა, როგორც კერძო საკუთრების უფლების დამადასტურებელი მასალები... გორში საბავშვო ბაღში მიგვიყვანეს, საშინელება სუფევდა ირგვლივ. ბოლოს სამშვიდობოს იგოეთში გამოვაღწიე, იქ შვილი მელოდა. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ვერც ვიცანი.. 

დატყვევებისას ფეხები დაუზიანდა, შემდეგ გადატანილი სტრესის გამო ჯანმრთელობა შეერყა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მხნედაა. 8 შვილიშვილის ბებია ყოველდღე სამსახურში - თბილისში  თეთრი წყაროს რაიონის სოფელ კოდადან ჩამოდის და საქმესაც ძველებური, მისთვის ჩვეული ერთგულებით ემსახურება. გატაცებით და შთაგონებით გვიყვება ყოველდღიურ საქმეზე - არქივიდან ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის პროცესზე, როგორც საოცარ და რომანტიულ ამბავზე. 

ქალბატონი გულიკოს შესახებ მისი თანამშრომლებიც საუბრობენ:  

მენეჯერი ნათია მაზანაშვილი: „ქალბატონი გულიკო თამარაშენიდან წამოსვლის შემდეგ 2013 წლამდე მარნეულის  არქივის სამსახურში მუშაობდა.  მას საკმაოდ რთული  - მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის რაიონები ებარა და მართლაც სამაგალითოდ გაართვა თავი ამ საქმეს. 2013 წლიდან კი აქ - თბილისში, მარჯანიშვილის ოფისში მუშაობს და ჩვენთვის ფასდაუდებელი ადამიანი და თანამშრომელია...“ 

თანამშრომლები: „შვებულება არ უყვარს. წელს ძლივს აიღო ხანმოკლე შვებულება. მისი არყოფნისას ერთ-ერთ საქმეს ვერ ვპოულობდით, დავურეკეთ და ვკითხეთ. ქალბატონმა გულიკომ ზუსტად მიგვითითა, რომელ თაროზე, როგორი სისქისა და ფერის საქაღალდეში ჰქონდა შენახული ეს საქმე. ყველაფერი ზუსტად და უშეცდომოდ იცის და აკეთებს, მისი პროფესიონალიზმი და გამოცდილება მართლაც სამაგალითოა...“ 

მეორე ოჯახად ქცეულ სამსახურში დამოკიდებულებას და სიყვარულს თავად ქალბატონი გულიკოც აღნიშნავს:

„მე ისეთი ხასიათის ადამიანი ვარ, ტყუილად არავის მოვეფერები და გულწრფელად ვიტყვი, რომ მართლაც პატივს მცემს და ყოველთვის ყურადღებით მეპყრობა ჩვენი სააგენტოს ხელმძღვანელი  ბატონი პაპუნა უგრეხელიძე, მე  დიდად ვაფასებ მის ყურადღებას. ასევე არ შემიძლია, არ აღვნიშნო ჩვენი სამსახურის უფროსის ზურაბ ლაზუაშვილის, ჩვენი მენეჯერის - ნათია მაზანაშვილის, ჩვენი გოგოების - ნინო ნიკოლეიშვილის, ირმა კიბაბიძის, დალი მამალაძის, თამუნა ნებიერიძის.... მთელი სამსახურის  დამოკიდებულება, მათი სიყვარული და მხარში დგომა.“   

დააბიჯებს 70 წლის გულიკო ჯალაბაძე საარქივო სამსახურის დერეფნებში, თაროებს, უამრავ საქაღალდეს შორის, საიმედოდ ინახავს სხვისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, ინახავს გონებაშიც და თითოეულ საქმეს ისე უვლის, როგორც ერთადერთს...