Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის გამოცდილება GIZ-ის პროექტის სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის გამოცდილება სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „ელექტრონული მმართველობა მოქალაქეებზე ორიენტირებული და გამჭვირვალე ადმინისტრაციული პროცესებისთვის“ ორგანიზებით გაიმართა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის გამოცდილება დეტალურად გააცნეს და პროექტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიური მიღწევა უძრავი ქონების რეგისტრაციაში წარმატებით გამოიყენა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ტრანზაქციები ბლოკჩეინში ინტეგრირებით მეტად დაცული, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა.

სამუშაო შეხვედრაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსისა და უკრაინის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

GIZ-ის პროექტი „ელექტრონული მმართველობა მოქალაქეებზე ორიენტირებული და გამჭვირვალე ადმინისტრაციული პროცესებისთვის“ ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ელექტრონული მმართველობის მიმართულებით უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების ურთიერთგაცვლის ქსელის ჩამოყალიბებას ემსახურება.