Phone
consultation hotline
მსოფლიო ბანკის რეიტინგში Doing Business 2018 საქართველოს დაწინაურებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ ბრიფინგი გამართა

საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ  ჟურნალისტებს შეფასების ის ინდიკატორები გააცნო, რომლებითაც ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო მსოფლიო რეიტინგში  დაწინაურდა.

"ამ რეიტინგში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ორი კრიტერიუმით შეფასდა: ესაა ბიზნესის დაწყების სიმარტივე და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის სიმარტივე. 

ჩვენთან მხოლოდ 2 პროცედურაა საჭირო იმისათვის, რომ კომპანია დარეგისტრირდეს: იურიდიული პირის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში   და  დამატებითი ღირებულების  გადამხდელად  აღრიცხვა შემოსავლების სამსახურში.

სწორედ პროცედურების რაოდენობით,  საფასურითა და სისწრაფით ბიზნესის დაწყების ნაწილში ჩვენ მერვე ადგილიდან  მეოთხე ადგილზე გადავინაცვლეთ და  ხუთეულში, ისეთი ქვეყნების რიგში მოვხვდით,  როგორიცაა  ახალი ზელანდია, კანადა და ჰონგ კონგი (ჩინეთი). რაც შეეხება უძრავი ქონების  რეგისტრაციას, საქართველო  რამდენიმე წელია, სტაბილურად ინარჩუნებს   წამყვან პოზიციას პირველ ხუთეულში"., - განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ   ჟურნალისტებთან შეხვედრაზე  საჯარო რეესტრის ეროვნულისააგენტოს წარმატებული მუშაობისთვის  უწყების  თანამშრომლებსაც გადაუხადა მადლობა.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ანგარიში  Doing Business  2018     31 ოქტომბერს გამოქვეყნდა.   2018 წლის ანგარიშში  საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

საჯარო რეესტრში განხორციელებულმა რეფორმებმა რეიტინგის შეფასების ყველა კომპონენტი მოიცვა: სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობა და რეგისტრაციისათვის საჭირო დრო მინიმუმამდე შემცირდა; მომსახურება ერთი სარკმლის პრინციპით ხორციელდება და მომხმარებელს ურთიერთობა უწევს მხოლოდ ერთ ოპერატორთან; ქონების და ბიზნესის რეგისტრაცია რამდენიმე საათშია შესაძლებელი; რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.

Doing Business ბიზნესის გარემოს მსოფლიოს 190 ქვეყანაში, 10 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით იკვლევს.